ახალი ამბები

პროკურატურამ ზვიად კუპრავასა და ენმ-ის კიდევ ერთ წევრის მიმართ სსკ-ით დევნა დაიწყო

27 ოქტომბერი, 2022 • 968
პროკურატურამ ზვიად კუპრავასა და ენმ-ის კიდევ ერთ წევრის მიმართ სსკ-ით დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატ ზვიად კუპრავასა და პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე 2020 წლის 31 ოქტომბერს თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას ეხება.

პროკურატურის განვხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.

„კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ზვიად კუპრავას, ბრალის წარდგენის შემდგომ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა ზვიად კუპრავას. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ გამომძიებელი რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა და სიტუაციაში ახლა ერკვევა, შესაბამისად, რაიმე კომენტარს ვერ გააკეთებს. ის აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს, რადგანაც თბილისის საკრებულოს აქტიური დეპუტატია, რომელიც ვაკის პარკში მოზარდი გოგონას დაღუპვის გამო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი