რუსული გამოცემა gazeta.ru წერს, რომ რუსეთის ექვს რეგიონში სტუდენტების „შრომითი მობილიზაციისთვის“ ემზადებიან.
როგორც კურგანსკის, კურსკის, ლენინგრადის, ჩელიაბინსკისა და ჩუკოტსკის ავტონომიური ოლქების ადმინისტრაციებში აცხადებენ, შესაძლოა, სტუდენტები ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად გაწვეულთა სამუშაო ადგილებზე დაასაქმონ. გამოცემა წერს, რომ საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც განათლებას ტექნოლოგიურ სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში იღებენ და დამამთავრებელ საფეხურზე არიან.
რეგიონების ნაწილში აცხადებენ, რომ თუ დამსაქმებლებისგან მოთხოვნა იქნება, სტუდენტებს მათთან სამუშაოდ გაგზავნიან. ნაწილი კი გეგმავს, თავად სტუდენტების მხრიდან პროგრამაზე მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედოს.
gazeta.ru წერს, რომ საპილოტე რეჟიმში პროგრამა კურგანსკის ოლქის ადმინისტრაციამ აამოქმედა, რომლის განცხადებითაც, ერთ კვირაში 134 პოზიციაზე 161 განაცხადი მიიღეს.
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.