ახალი ამბები

რუსეთის თქმით, „დასავლეთის კომერციული სატელიტები შესაძლოა, სამიზნე გახდეს“

27 ოქტომბერი, 2022 • 1621
რუსეთის თქმით, „დასავლეთის კომერციული სატელიტები შესაძლოა, სამიზნე გახდეს“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის კონფლიქტში გამოყენების შემთხვევაში, ამერიკული კომერციული თანამგზავრები გახდება „რუსეთის საპასუხო ქმედებების ლეგიტიმური სამიზნე“. საუბარია, სავარაუდოდ, ილონ მასკის/Space X-ის „სტარლინკებსა“ და კომპანია MAXAR-ის სატელიტებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს „იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის“ უფროსის მოადგილემ, კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა:

„გვინდა ხაზი გავუსვათ უკიდურესად საშიშ ტენდენციას, რომელიც აშკარად გამოიხატა უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ვგულისხმობთ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ შეიარაღებული კონფლიქტისას სამოქალაქო კომერციული ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე კოსმოსში. კვაზისამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება აღმოჩნდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე“.

რამდენიმე კვირის წინ ამერიკული კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტსისტემა გათიშონ.

„სტარლინკი“ 2000-ზე მეტი სატელიტისგან შემდგარი სისტემაა, რომელსაც მიწაზე ათასობით ტერმინალი აქვს.

სისტემა უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს, – მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ტრადიციული ინტერნეტსერვისების მუშაობა შეფერხდა.


ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „SpaceX“ აცხადებდა, რომ აღარ შეუძლია, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხებს პენტაგონს სთხოვს.

მასკის განცხადებით, მის კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებს.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღარ შეეძლო პროგრამის დაფინანსება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით, 1 წლის განმავლობაში, კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი.

მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.

მასკსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.

უკრაინელები სტარლინკის ინტერნეტს რუსეთთან ომშიც იყენებენ კომუნიკაციებისა და დაზვერვის მიზნებით.

საბოლოოდ, მასკმა განაცხადა, რომ სტარლინკის სატელიტური ინტერნეტით უკრაინის მხარდაჭერას უფასოდ გააგრძელებს:

„ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ სტარლინკი ფულს კარგავს და სხვა კომპნიები მილიარდობით იღებენ გადასახადების გადმხდელების ფულს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ”, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი