ახალი ამბები

ნიკა მელიას სამაჯური არ უნდა მოეხსნა, ეს არ იყო პოლიტპატიმრობა – ომბუდსმენობის კანდიდატი

26 ოქტომბერი, 2022 • 868
ნიკა მელიას სამაჯური არ უნდა მოეხსნა, ეს არ იყო პოლიტპატიმრობა – ომბუდსმენობის კანდიდატი

ომბუდსმენობის კანდიდატი სოფიო დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიერ მაკონტროლებელი სამაჯურის მოხსნა 2019 წელს „არასწორი“ იყო და იგი პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა.

26 ოქტომბერს პარლამენტში მოსმენაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ დემეტრაშვილს უთხრა, რომ მას ხელი ჰქონდა მოწერილი პეტიციაზე, რომლის თანახმადაც ნიკა მელია პოლიტპატიმარი იყო.

დემეტრაშვილმა სარჯველაძის რამდენიმე დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ არ მოუწერია ხელი პეტიციაზე, რომელიც მსგავს რამეს ამბობდა:

„არასწორი იყო მისი [ნიკა მელიას] ქმედება სამაჯურის მოხსნის ნაწილში. კი, ბატონო. არ არის ეგ პოლიტიკური პატიმრობა. ის უნდა დამორჩილებოდა იმ წესებს, რაც სახელმწიფოში არსებობს. რა თქმა უნდა, გეთანმხებით. მე არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩემი განცხადებაც ამ ნაწილში იყო გაკეთებული“.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის სექტემბერში არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც გასაჩივრდა 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სასამართლომ ამით თქვა, რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო.

სოფიო დემეტრაშვილს პარლამენტში ასევე გაახსენეს, რომ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. დემეტრაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ მიკერძოებას და პეტიციის „პირველადი ვერსია“ იყო „პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან ინიცირებული … ხედვა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საძიებლად“; დამაზუსტებელ კითხვაზე კი თქვა, რომ ახლა ამ პეტიციის მოთხოვნას ემიჯნება.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა რატი იონათამიშვილმა მას ასევე გაახსენა, – იონათამიშვილის თქმით, – დემეტრაშვილის ფეისბუკ-პოსტი, სადაც 2020 წლის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წერდა: „მოლოდინი ის, რაც რეალობაა – ფსიქიატრიული სახელმწიფო“; იონათამიშვილმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული იყო. 

„თუ ასეთი ნათქვამია, ნამდვლად არ მახსოვს… ეს ალბათ ფეისბუკზე-გვერდზე იქნებოდა დაწერილი და ეს იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში“, – თქვა დემეტრაშვილმა.

მოგვიანებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ წაიკითხა ციტატა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და დემეტრაშვილს ჰკითხა, ვის ეკუთვნოდა ის: „თუკი მოსახლეობის 95% არის პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ“; ასევე, ჰკითხა, სახალხო დამცველად ყოფნის პირობებში, როგორ შეაფასებდა ამ განცხადებას.

„როგორც ვიცი, ეს არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადი… როგორც ასეთი, მოწოდება კარგია საზოგადოებისთვის. ამაზე პასუხი არ მაქვს. არ მიფიქრია ამ მომენტამდე. იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერ სახის ძალადობისკენ, არაჰუმანური მოპრყობისკენ [მოწოდება დასაგმობია]“, – უპასუხა დემეტრაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი