ნეტგაზეთი | მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო – საკონსტიტუციო მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო – საკონსტიტუციო – Netgazeti
RU | GE  
ნიკა მელია

მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც გასაჩივრდა 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

სარჩელი და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2019 წლის დეკემბერში შევიდა.

საია ამ საქმეზე წერდა- „ საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა.

აღნიშნული განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რაც დაედო საფუძვლად ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას,“.

როგორც ორგანიზაცია განმარტავდა, პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც,  „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.“

„საიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არასწორად განმარტა კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს თბილისის სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების და ნიკა მელიას გამართლების შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა მიეჩნია კანონიერ ძალაში შესულად.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას უდანაშაულოდ ცნობს სააპელაციო ან უზენაესმა სასამართლო, მას ვეღარ აღუდგება დეპუტატის უფლებამოსილება. ამით აზრი ეკარგება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას. იმავდროულად, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები რჩება აღუსრულებელი: ნიკა მელია გათავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან, დეპუტატის უფლებამოსილება მას სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაშიც არ აღუდგება,“.

საიას განმარტებითვე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია უფლება სამართლიან სასამართლოზე და „ეს უფლება გულისხმობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას“.

„პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ ორ ძირითად პრინციპს, ვინაიდან აზრს უკარგავს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას, იმავდროულად, გამორიცხავს სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების აღსრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება  საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან ერთად არღვევს თანამდებობის დაკავების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებსაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს, სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოსაგან განსხვავებით, აქვს უფლება, ძალადაკარგულად ცნოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილება მისი ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან (2019 წლის 12 დეკემბრიდან). შესაბამისად, ამ კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე პარლამენტის აღნიშნული დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას და  დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს“, – წერდა ორგანიზაცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პარლამენტის წევრის კონსტიტუციური სტატუსის, მისი ფუნქციების მნიშვნელობისა და ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, აუცილებელია, არსებობდეს პარლამენტის წევრის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მყარი კონსტიტუციური საფუძვლები და არ მოხდეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებელი გზით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, საკანონმდებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ისეთმა პირებმა, რომელთა ქცევაც შეუსაბამო არაა პარლამენტის წევრის სტატუსთან, რათა საქართველოს პარლამენტის საქმიანობას არ მიადგეს გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი და ეჭვქვეშ არ დადგეს მის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ფუნქციების სანდოობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს აღქმა, რომ პარლამენტის საქმიანობა და კანონშემოქმედებითი პროცესი თავისუფალია შიდა და გარე ჩარევების, ვიწროდ პირადი ინტერესებისა და უკანონო ზემოქმედებისაგან, ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა პირდაპირ გავლენას ახდენს მისი აღსრულების საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დაუკავშირდება გასაჩივრების უფლების ამოწურვას, შეუძლებელი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულება მაშინაც კი, თუ პარლამენტის წევრს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ამგვარი გადაწყვეტა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ პარლამენტის სანდოობასა და მის ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს ინტერესსაც.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

 


ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებასმოსულება პარლამენტმა  “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყვიტა.

ნიკა მელიას სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით,  2 წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა. გარდა ამისა, 2 დეკემბერს გამართული სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან