ახალი ამბები

გამოვავლინეთ და დავაჯარიმეთ 3 ობიექტი, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული — კალაძე

26 ოქტომბერი, 2022 • 433
გამოვავლინეთ და დავაჯარიმეთ 3 ობიექტი, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს და დააჯარიმეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული. აღნიშნულის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის ინფორმაციით, ერთი ობიექტი ისანში, ჭიჭინაძის ქუჩა N2ბ-ში მდებარეობს, მეორე ობიექტი — ასევე ისანში, ახალუბნის ქუჩა N11-ში, მესამე კი — დიდ დიღომში, დოესის ქუჩა 22/5-ზე მიმდინარე მშენებლობაა.

“სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, შეჩერების აქტი ჩაბარებულია და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა”, — დასძენს ის.

კალაძის სიტყვებით, მუნიციპალური ინსპექცია “მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს”.

მისივე თქმით, მშენებლობის ხელმძღვანელები პირდაპირ არიან ვალდებულნი, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება.

“სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, — თქვა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი