ახალი ამბები

სუნაკი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერი

25 ოქტომბერი, 2022 • 568
სუნაკი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერი

ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზთან შეხვედრის შემდეგ რიში სუნაკი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერის რანგში თავის პირველ გამოსვლაში სუნაკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის“ წინაშე დგას და იგი აირჩიეს კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად, რათა გამოასწოროს ლიზ ტრასის დაშვებული ზოგიერთი შეცდომა.

მიუხედავად ლეიბორისტების, შოტლანდიის ეროვნული პარტიის, ლიბერალ-დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის მოწოდებისა, სუნაკმა გამორიცხა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები.

პრემიერი ახლა იწყებს თავისი კაბინეტის ფორმირებას. თანამდებობები დატოვა მთავრობის არაერთმა წევრმა, მათ შორის არის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ჯეიკ ბერი.

კონსერვატორი ჰიუ მერიმენი ამბობს, რომ რიში სუნაკის მთავრობა, სავარაუდოდ, „უფრო მოსაწყენი“ იქნება და ეს ის არის, რაც ხალხს სურს.

”ის აპირებს მართოს დაუნინგ სტრიტის No10, როგორც აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ ოფისს მართავს. ვფიქრობ, ეს სიმშვიდისა და სტაბილურობის ატმოსფეროს მოიტანს. ჩვენ არ გვინდა მეტი ტურბულენტობა”, — ამბობს მერიმანი BBC-ისთან ინტერვიუში.

გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერ-მინისტრი წელს მეორედ აირჩიეს. 20 ოქტომბერს, დანიშვნიდან 44 დღეში დატოვა თანამდებობა ლიზ ტრასმა, რომლის მიერ დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ კრახი განიცადა და გადადგომა მოუწია.

UK-ის პრემიერი რიში სუნაკი იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი