„ინსტიტუციურად ქვეყანა არეულია-დარეულია და ერთი ადამიანი წყვეტს, ვინ ვის შეხვდება და ვინ ვის არ შეხვდება“, — ასე აფასებს ვანო მაჭავარიანი იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის შესახებ.
მაჭავარიანი, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოზიციას იკავებდა, ამბობს, რომ სტუმარი მხარე, როგორც წესი, მასპინძელი ქვეყნის მიერ შეთავაზებულ ფორმატს მიჰყვება და გადაწყვეტილება, რომ ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს არ შეხვედროდა, თბილისში მიიღეს. თუმცა სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა ქვეყნის შიგნით — წონა, ხოლო ილჰამ ალიევთან- სათანადო პირადი, საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობები, მაჭავარიანის აზრით, მისთვის გვერდის ავლას ვერ შეძლებდნენ.
„მმართველმა გუნდმა პრეზიდენტი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. მათ მიაჩნიათ, რომ არაფერი საქმიანი და სასაუბრო საკითხები პრეზიდენტს არ აქვს და ის მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალური ფიგურაა, თუმცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტისას ამ ცერემონიალური ფიგურის როლის შესრულებაც არ დაანებეს. აქ არ არის საუბარი საკითხების განხილვაზე.
სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დალაგებული ურთიერთობები სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ისე, რომ მას გვერდი არ აუარონ. ის სჯერდება ამ როლს და პერიოდულად უბრალოდ აპროტესტებს, თავისთავად პრობლემაა, რომ ინსტიტუციურად ქვეყანა არეულ-დარეულია და ერთი ადამიანი წყვეტს, ვინ ვის შეხვდება და ვის — არა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ვანო მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ახლა, როდესაც თბილისი დაპირისპირებულია დასავლეთთან, აზერბაიჯანი კი გამარჯვებულის როლშია ყარაბაღის კონფლიქტში, აქვს სტრატეგიული ურთიერთობა თურქეთთან და ენერგორესურსების გამო მისი როლი ევროპის პოლიტიკაში იზრდება, ბაქომ თავის თავზე აიღო რეგიონში ლიდერის როლი, რომელიც ადრე საქართველოს ჰქონდა.
„როგორც ჩანს, ტექნიკური საკითხების გარდა, განსახილველი იყო მთელი რიგი გეოპოლიტიკური საკითხები და ამიტომ ეწვია საქართველოს ალიევი და არა პრემიერ-მინისტრი. „ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, გადაწყვიტა, პრემიერის დონის იქით არ გაუშვას ეს საკითხები და სალომე ზურაბიშვილი ამ ვიზიტის მიღმა დატოვოს“, — დასძენს მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 24 ოქტომბერს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ეწვია. მას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „შატო მუხრანში“ უმასპინძლა. დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებას აცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება“, — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და გამოხატა მზაობა, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესი პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. დოკუმენტში, რომელშიც ცვლილებები ბოლოს 2018 წელს შევიდა, დეტალურად გაწერილია საზღვარგარეთის ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროტოკოლი — თუ როგორ ხდება დახვედრა, გაცილება, გაშუქება, რეზიდენციაში დაბინავება, საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და პრესკონფერენცია. ოფიციალური ვიზიტისას, საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთან საუბარსა და მოლაპარაკებას, როგორც წესი, უძღვება საქართველოს პრეზიდენტი.
რაც შეეხება სამუშაო ვიზიტს, ოფიციალურ ვიზიტთან შედარებით საპროტოკოლო ცერემონია გამარტივებულია და შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური სადილით (ვახშმით). ძირითადად ყურადღება ეთმობა საქმიან მოლაპარაკებას.
„საქართველოს პრეზიდენტი (ერთ ავტომობილში) აცილებს მთავარ სტუმარს რეზიდენციამდე, რომელთანაც აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა (ან პრეზიდენტის შტანდარტი). ოფიციალურ მოლაპარაკებასა და საუბრებზე დამსწრეთა სია წინასწარ თანხმდება მხარეებს შორის. საპროტოკოლო სადილს (ვახშამს) ესწრებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში ან საუბრებში“, — ნათქვამია სამუშაო ვიზიტის პროტოკოლში.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. პროტოკოლი თავისთავად გულისხმობს, რომ სახელმწიფო მეთაურს, როგორც წესი, იწვევს მეორე ქვეყნის სახელმწიფო მეთაური. შემდგომ უკვე შეიძლება გაგრძელდეს პრემიერთან თუ სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან შეხვედრით, რაც გამოწვეულია სამუშაო ვიზიტის სპეციფიკიდან. ეს ღონისძიებები, პირველ რიგში, დამოკიდებულია მასპინძელ ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფორმალობა საჭირო არ არის.
სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური წონა როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე პოლიტიკურ სპექტრში ფაქტობრივად ნულის ტოლფასია. თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოახერხებდა დაელაგებინა როგორც პირადი, ისე პოლიტიკური ურთიერთობები ალიევთან, აზერბაიჯანი დაინტერესდებოდა, რომ ფორმალური მხარე — პრეზიდენტთან შეხვედრა — პროტოკოლურად მაინც შემდგარიყო. ამაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ალიევის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა ემუშავა“, — მიიჩნევს მაჭავარიანი.
ის ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობდა, პრეზიდენტის ავლით დაეგეგმა ვიზიტები.
„ეს არის „ქართული ოცნების“ პრაქტიკა, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სახელმწიფო მეთაურს თავისი ფუნქცია შეესრულებინა, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა პარტნიორ ქვეყნებთან და შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ მთავრობა, პრემიერის ვინაობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში დაგვყვებოდა ამ თემაზე, რიგ შემთხვევაში წინააღმდეგობები იყო, მაგრამ ასეთი ჩავარდნები იშვიათად ან არ ყოფილა.
ქალბატონ ზურაბიშვილს ადრე უნდა ეფიქრა, ჰქონოდა ის ურთიერთობები ალიევთან თუ სხვებთან, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და თვითონ სტუმარმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვოს პრეზიდენტთან შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილს პერიოდულად ახსენდება თავისი როლი, ხოლო მისი ადმინისტრაცია მაყურებლის როლშია და ამ მიმართულებით არ აქტიურობს“, — ამბობს მაჭავარიანი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ პასუხობენ „ნეტგაზეთის“ კითხვას, თუ რატომ არ იყო პრეზიდენტი ინფორმირებული ილჰამ ალიევის ვიზიტზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისა და ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტით მოწვევის გამოც.
მან თქვა, რომ არ არსებობს საკითხების წრე, რაზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს — საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული.