ახალი ამბებირეკლამა

„დიმიტრი დიმიტრიადისი – კულტურათაშორისი დიალოგი“- შეხვედრა თსუ-ში

24 ოქტომბერი, 2022 • 466
„დიმიტრი დიმიტრიადისი – კულტურათაშორისი  დიალოგი“- შეხვედრა თსუ-ში

ცნობილ ბერძენ მწერალთან, დრამატურგთან და მთარგმნელთან დიმიტრი დიმიტრიადისთან გაიმართა შეხვედრა „დიმიტრი დიმიტრიადისი – კულტურათაშორისი  დიალოგი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას თსუ სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.

 ,,წელს აღინიშნება 30 წელი საბერძნეთის რესპუბლიკასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის. მოხარული ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ თარიღთან დაკავშირებით ეწვია უდიდესი დრამატურგი, მწერალი და ფილოსოფოსი დიმიტრი დიმიტრიადისი. მისი ლექცია, რომელიც შეეხებოდა თეატრის ისტორიას, მის წარსულსა და მომავალს, ძალიან საინტერესო იყო დამსწრე საზოგადოებისთვის და ამით კიდევ  ერთხელ დადასტურდა, რომ ის განსაკუთრებული მოვლენაა ბერძნულ ხელოვნებაში,“- განაცხადა. თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

„ცნობილი ბერძენი მწერალი დიმიტრი დიმიტრიადისი არ გახლავთ უბრალო ავტორი, ის მოაზროვნეა, რომელსაც დღესაც შეაქვს თავისი წვლილი, მოსაზრებები თანამედროვე სამყაროს არსებობაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს, საზოგადოებას საშუალება მიეცა გაეცნოს მის სწავლებას, ღრმა ცოდნას ევროპისა თუ მთელი მსოფლიოს შესახებ,“-  აღნიშნა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა მარია თეოდორუმ და მადლობა გადაუხადა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს ღონისძიების მოწყობისთვის. 

 დიმიტრის დიმიტრიადისი არის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შექსპირის, მოლიერის, ბალზაკის, ჟან-პოლ სარტრის, სამუელ ბეკეტის, მორის მეტერლინკის და სხვათა ბერძნულად მთარგმნელი. „დიმიტრი დიმიტრიადისის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, არაბულად და სხვა მრავალ ენაზე.  საფრანგეთის ტელევიზიამ „კულტურ ფრანსმა“ 5 თვე მიუძღვნა მისი ნაწარმოებების კითხვას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კალიბრის ადამიანთან შეგვიძლია ურთიერთობა,“– აღნიშნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

„შეხვედრისას ვესაუბრებოდი მსმენელს, რომელიც მისმენდა და არა მხოლოდ მისმენდა, ჩანდა რომ ჩემს სიტყვებში პოულობდნენ მთავარ მიზანს საუბრისას და ჩართული იყვნენ დიალოგში, მდუმარედ. ვფიქრობ საუკეთესო გარემო დაგვახვედრა უნივერსიტეტმა საიმისოდ, რომ გვესაუბრა ისეთ თემებზე, რაც ადვილად აღსაქმელი და გასაზარებელი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ დღეს წარმატებული შეხვედრა იყო ამ თვალსაზრისით. „ვკვდები როგორც ქვეყანა“ 1978 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ ტექსტად ითვლება. ვფიქრობ რომ არსებული სინამდვილე განაპირობებს ტექსტის აქტუალობას. რეალობა ტექსტის განხორციელებას, გაცოცხლებას განაპირობებს. ვფიქრობ, რომ ტექსტი წინ უსწრებს სინამდვილეს, ჯერ ტექსტია და მერე დგება ის რეალობა, რაზედაც ნაწარმოები საუბრობს. მგონია, რომ სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს იქნება ეს ნაწარმოები აქტუალური,“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი დიმიტრიადისმა. 

დიმიტრის დიმიტრიადისის პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ სცენაზე. მისი საკულტო ნაწარმოები “ვკვდები როგორც ქვეყანა” ქართულად თარგმნა თათია მთვარელიძემ და გამოიცა მწერალთა სახლის ხელშეწყობით. ,,ეს ტექსტი არის მარადიულ თემაზე, რომელიც ყველა საზოგადოებას ყველა ეპოქაში ძალიან აღელვებს. თუ რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, კაცობრიობამ იცოცხლოს და რას ნიშნავს ქვეყნის სიკვდილი ზოგადად, რასთან არის ეს დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავად ტექსტის ენა და სტილი არის ისეთი დიაქრონული – მოიცავს ბერძნული ენის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს და ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზებსაც კი ამით ეს ტექსტი სრულ სურათს გვაძლევს  ბერძნული ენის და  კაცობრიობის განვითარების ისტორიის შესახებ,“– განაცხადა მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ.

შეხვედრა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს და საერთაშორისო ფესტივალი “GIFT”-ის ორგანიზებით გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი