ახალი ამბები

სალმან რუშდიმ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ცალი ხელი კი ქმედუუნაროა — აგენტი

23 ოქტომბერი, 2022 • 882
სალმან რუშდიმ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ცალი ხელი კი ქმედუუნაროა — აგენტი

აგვისტოში ნიუ-იორკში დაჭრის შემდეგ მწერალმა სალმან რუშდიმ ერთი თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელს ვეღარ იყენებს.

ამის შესახებ რუშდის ნიუ-იორკელმა აგენტმა ენდრიუ უაილიმ ესპანურ გაზეთ El País-ს განუცხადა.

„კისერზე სამი მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ერთი ხელი ქმედუუნაროა, რადგან მკლავის ნერვები გადაჭრილია. კიდევ 15 ჭრილობა მიყენებული აქვს მკერდის არეში. ეს იყო სასტიკი თავდასხმა“, — განაცხადა უაილიმ.

აგენტმა თქვა, რომ არ შეუძლია მწერლის ამჟამინდელი ადგილსამყოფლის გამხელა. არც ის დააკონკრეტა, ისევ საავადმყოფოშია თუ არა სალმან რუშდი. მხოლოდ თქვა, რომ მწერალი „იცოცხლებს და ეს ყველაზე მთავარია“.

მიმდინარე წლის აგვისტოში მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი საჯარო ღონისძიებაზე მოხდა, ავტორს ლექცია უნდა წაეკითხა დევნილი არტისტების თაობაზე. 24 წლის ჰადი მატარი, რომელიც საქმეზე დააკავეს, მკვლელობის მცდელობასა და თავდასხმაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სალმან რუშდიმ 1988 წელ გამოაქვეყნა წიგნი „ეშმაკეული აიები“ (1988), რომლის გამოც ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ მასზე ფატვა ანუ სიკვდილის განაჩენი გამოიტანა. მისი მოკვლის სანაცვლოდ თანხაც კი იყო დაწესებული.

ირანმა კატეგორიულად უარყო სალმან რუშდიზე თავდამსხმელთან კავშირი, თუმცა მომხდარში თავად მწერალი და მის მხარდამჭერები დაადანაშაულა.

ირანი რუშდიზე თავდასხმაში თავად მწერალსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი