ახალი ამბები

ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს

22 ოქტომბერი, 2022 • 27224
ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს

აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

როგორც ნატა ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მანქანაზე წარწერების დატოვებას თავის ბოლო დროინდელ აქტივობას უკავშირებს. კერძოდ, ნატა ფერაძე ბოლო დღეებია აქტიურად აპროტესტებს ვაკის პარკში მომხდარს, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ის კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ნატა ფერაძის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.

„[ვიდეოზე] ორი საშუალო ასაკის კაცია. ამას მე ყველაფერს ვუკავშირებ ბოლო დროს კახა კალაძესთან კონფლიქტს, რომელიც ვაკის პარკის შემთხვევის შემდეგ მქონდა და რასაც კალაძეს ვეძახდი, ის დამიწერეს მანქანაზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონია, რომ კალაძის გამოგზავნილები არიან“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

შსს-ს განცხადების მიხედვით, დანაშაული მოხდა შადრევნის რეაბილიტაციის თითქმის ყველა ეტაპზე — დაწყებული სამუშაოების შემსრულებელი მუშით და ტენდერში გამარჯვებული კომპანიით, დამთავრებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურით.საზოგადოების ნაწილი კი კახა კალაძის გადადმგომას მოითხოვს.

თუმცა  კახა კალაძე თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი