ახალი ამბები

პოლონეთში ავტოავარიას, სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა

22 ოქტომბერი, 2022 • 3075
პოლონეთში ავტოავარიას, სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოავარიას, სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 21 ოქტომბერს, პოზნანთან ახლოს მოხდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომელსაც ჯართი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

როგორც პოლონური მედია წერს, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მათივე ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, პოლიცია და ვერტმფრენი მუშაობდა.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა პოლონური მხარისგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან.

„პოლონური მხარისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა. ამის შემდეგ უკვე დანამდვილებით დაგიდასტურებთ, მაგრამ პირველი მონაცემებით აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეები არიან“, – განუცხადეს ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება დაშავებულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლონეთში საქართველოს საელჩო ამოწმებს არიან თუ არა ისინიც საქართველოს მოქალაქეები.

ფოტო: OSP Gowarzewo

მასალების გადაბეჭდვის წესი