ახალი ამბები

“პოლიტიკური სპეკულაცია” — უკრაინის მიერ მამაცაშვილის სანქცირებას მისი ადვოკატი ეხმაურება

20 ოქტომბერი, 2022 • 905
“პოლიტიკური სპეკულაცია” — უკრაინის მიერ მამაცაშვილის სანქცირებას მისი ადვოკატი ეხმაურება

უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სანქცირებას მისი ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ეხმაურება. ადვოკატი “პოლიტიკურ სპეკულაციად” აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

“უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას”, — დასძენს ის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც სანქციები ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე გავრცელდება.

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

სხვებთან ერთად, სანქციები შეეხებათ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს; ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

აღნიშნულს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელიც ამბობს, რომ სანქციები საქართველოს “ომში ჩართვის მცდელობაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი