ახალი ამბები

კობახიძე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად აფასებს ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებას უკრაინის მიერ

20 ოქტომბერი, 2022 •
კობახიძე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად აფასებს ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებას უკრაინის მიერ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას აფასებს “შანტაჟად” საქართველოს “ომში ჩასართავად”. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კობახიძის სიტყვებით, “ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი”.

“რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმავეს ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია.

მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს”, — თქვა მან.

კობახიძის სიტყვებით, “ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში”.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც სანქციები ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე გავრცელდება.

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

სხვებთან ერთად, სანქციები შეეხებათ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს; ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი