ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ევროკავშირის პროექტების აკრძალვის შესახებ გამოკითხვას ატარებს

20 ოქტომბერი, 2022 • 1418
სოხუმი ევროკავშირის პროექტების აკრძალვის შესახებ გამოკითხვას ატარებს

აფხაზეთის დე ფაქტო სამინისტრო ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოკითხვას ატარებს აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვაზე ევროკავშირის საბჭოს განცხადების საპასუხოდ, აფხაზეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეზღუდვასთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, საბჭოს დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ. 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ევროკავშირის საბჭო იუწყება, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის „გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე“ უკრაინის მიმართ და ასევე პასუხია „რუსეთის პრაქტიკაზე, გასცეს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე რუსული საერთაშორისო პასპორტები“.

კითხვა შემდეგნაირად არის ფორმულირებული: თქვენი აზრით, რა რეაქცია უნდა გვქონდეს ევროკავშირის ინიციატივაზე აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ?

სავარაუდო პასუხებს შორისაა:

  • გაძლიერდეს კონტროლი ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე;
  • აიკრძალოს/შეიზღუდოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ასეთი პროექტების ფარგლებში;
  • არ გვქონდეს რეაქცია;
  • მიჭირს პასუხის გაცემა.

 


აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვაზე ევროკავშირის საბჭოს განცხადებას  19 ოქტომბერს გამოეხმაურა  აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბაც, რომელიც კიდევ ერთხელ დაემუქრა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ ჯერ კიდევ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში შეხვედრა გამართა აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა], სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება. ამასთან, ინალ არძინბა აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური პროექტები “საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს” ემსახურება. ამ საკითხის გარშემო არძინბა პერიოდულად სხვადასხვა ფორმატში საუბრობს.

“ევროკავშირის გადაწყვეტილება აფხაზეთში გაცემული პასპორტების არაღიარებაზე შეიძლება აისახოს იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთაც ევროკავშირი აფინანსებს”, – განაცხადა არძინბამ 19 ოქტომბერს აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი