ახალი ამბები

მოხსენებაა საგარეო პოლიტიკაზე და ცარიელია ყველა ადგილი — მიქანაძე ენმ-ს აკრიტიკებს

20 ოქტომბერი, 2022 • 731
მოხსენებაა საგარეო პოლიტიკაზე და ცარიელია ყველა ადგილი — მიქანაძე ენმ-ს აკრიტიკებს

დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხოლოდ ორი წარმომადგენელი — რომან გოცირიძე და როსტომ ჩხეიძე —ესწრებიან. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები ფრაქციიდან მხოლოდ ამ ორმა დეპუტატმა დაუსვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაზე არდასწრების გამო ენმ-ის ფრაქცია გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე და თუ გადავხედავთ რამდენი კაცი ესწრება ამ ფრაქციიდან  დარბაზში [საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენას], უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მათი კორიფეები, ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, ხომ ვხედავთ, რომ აქ არ არიან წარმოდგენილი. ცარიელია ყველა ადგილი.

მერე კიდევ პრეტენზიები აქვთ, საზედამხედველო ფუნქციებს პარლამენტი როგორ ახორციელებსო და ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენებაა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და არც ერთი მათგანი არ ესწრება, ბატონი რომანის [გოცირიძის] და ბატონი როსტომ ჩხეიძის გარდა“, – განაცხადა მიქანაძემ.

ნეტგაზეთი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარეს ხატია დეკანოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვიპასუხა, რომ ფრაქციის წევრები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვაზე არიან და „კარგი იქნებოდა, თუ „ქართული ოცნება“ და გივი მიქანაძეც იქ იქნებოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი