ახალი ამბები

ვინც რაფალიანცის მკვლელობა უაპელაციოდ დაგაბრალათ, სისულელე თქვა – დავითულიანი ენმ-ს

18 ოქტომბერი, 2022 • 753
ვინც რაფალიანცის მკვლელობა უაპელაციოდ დაგაბრალათ, სისულელე თქვა – დავითულიანი ენმ-ს

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის უაპელაციოდ დაბრალება „ნაციონალური  მოძრაობისთვის“  დიდი სისულელე იყო.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. დავითულიანის განცხადებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრის, გიორგი ბოტკოველის კომენტარი.

ვაკის პარკში 13 წლის ბავშვის დაღუპვაზე საუბრისას გიორგი ბოტკოველმა „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ოპონენტებს “ტრაგედიებზე ნადირობაში” ადანაშაულებდნენ, ბარბარე რაფალიანცის საქმე შეახსენა, რომლის მოკვლასაც “ოცნების” წევრები 2012 წელს ენმ-ს აბრალდებდნენ და აღნიშნა, რომ ეს საქმე 10 წლის შემდეგაც გამოუძიებელია.

დავითულიანის თქმით კი, ოპოზიცია ცდილობს ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძეს ტვირთი უაპელაციოდ დააკისროს.

„კი ბატონო, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის თქვენთვის [ენმ-სთვის] დაბრალება ასე უაპელაციოდ, „ქართული ოცნების“ წევრმა დაგაბრალათ თუ ვინც დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველი თქვა, დიდი სისულელე თქვა. ამ სიტუაციაში და მსგავსი ტრაგედიებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა, რადგან გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა.

მაგრამ მეორე უბედურება იცით რა არის? ისეთები გაქვთ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ იგივენაირად აქეთ საერთოდ უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის სჯერა, ყველამ იცის, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი არავინ არ არის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


2012 წელს კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ “ქართული ოცნების” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი აცხადებდა, რომ ბავშვი მოკლულია.

“მე ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”, – აცხადებდა მანანა ბერიკაშვილი 2012 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი