ახალი ამბები

ევროკავშირი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 40 დამკვირვებელს გავგზავნით

17 ოქტომბერი, 2022 • 1249
ევროკავშირი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 40 დამკვირვებელს გავგზავნით

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის მხრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმუშავებს.

17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის საბჭო იუწყება, რომ ადგილზე განათავსებენ 40 ადამიანს, – მონიტორინგის ექსპერტებს, – რომლებიც რეგიონში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან, გააანალიზებენ და საბჭოს აცნობებენ.

ეს გადაწყვეტილება, საბჭოს თანახმადვე, მოჰყვა ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის 6 ოქტომბრის შეხვედრას.

განცხადების თანახმად, ამ ნაბიჯის მიზანია, „ხელი შეუწყოს რეგიონში ნდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენას და ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო საზღვრის დელიმიტაციას“.

ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა:

„ეს არის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ევროკავშირი ერთგულად აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობას“.

ევროსაბჭოს ცნობით, მონიტორინგის ახალი მისიის ადგილზე სწრაფად განთავსების მიზნით, გადაწყდა, რომ მონიტორინგის ექსპერტები დროებით გადაინაცვლებენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რათა [ამას არ ჰქონდეს რაიმე გავლენა] საქართველოში მის სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე“, — წერია განცხადებაში.

მონიტორინგის ახალი მისია, ევროსაბჭოს თანახმადვე, დროებითია და „საბოლოო ჯამში, ორ თვეზე მეტხანს არ გასტანს“.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომდგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია სომხეთისკენ დაიძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი