ახალი ამბები

არაპროფესიონალიზმი, ძალაუფლება და ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს – ლომჯარია

14 ოქტომბერი, 2022 • 631
არაპროფესიონალიზმი, ძალაუფლება და ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ვაკის პარკში 13 წლის მოზარდის დაღუპვას და ამბობს, რომ დამნაშავე ასევე არის უსაფრთხოების მიმართ გულგრილი სისტემა.

„2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში 11 ადამიანი დაიღუპა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…
– 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო.

ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითიც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად !!
ჩვენ ეს კანონი სასწრაფოდ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა სასამართლოს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა მისი მოქმედება, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია, ხოლო აჭარის მთავრობის მეთაურმა ჩვეულ სტილში “მოგვიხსენია”, – წერს ლომჯარია.

მისი თქმით, გარდაცვლილი 13 წლის გოგოს წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა.

„თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს, უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი, რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!

არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს…,“,“


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი