ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს 58 000 ლარი გამოსტყუა აშშ-მდე გადაყვანის დაპირებით — პროკურატურა

13 ოქტომბერი, 2022 • 478
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს 58 000 ლარი გამოსტყუა აშშ-მდე გადაყვანის დაპირებით — პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა გამოსტყუა მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან გადაყვანის დაპირებით. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად, აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით, “ფეისბუკის” ჯგუფში მოიძია ვინმე “ნინოს” საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით აშშ-ის სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა.

დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც უთხრა, რომ ის და მისი შვილი თითქოსდა აშშ-ში იმყოფებოდნენ და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ- მექსიკიდან აშშ-მდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.

ამის სანაცვლოდ, დაზარალებულს წინასწარ სთხოვეს 1 500 ევროს გადარიცხვა ესპანეთში გახსნილ ანგარიშზე. რაც შეეხება “ბილეთების თანხას”, რომელიც 52 940-ით განისაზღვრა, მოითხოვეს მისი გადარიცხვა უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე ან საქართველოში მცხოვრები “მათი ნათესავისთვის” გადაცემა.

“2022 წლის 6 აპრილს დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა – 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს”, — წერს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, თანხის გადაცემისას ბრალდებულმა დაზარალებული კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა აშშ-ში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში.

“ამდენად, ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას – 58 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თაღლითობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით. მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს”, — წერია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უწყების თქმით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი