ახალი ამბები

ლიდერები კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ EU-ს რეკომენდაციების შესრულებაზე – დეგნანი

12 ოქტომბერი, 2022 • 586
ლიდერები კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ EU-ს რეკომენდაციების შესრულებაზე – დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ფოკუსი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ ვსაუბრობთ, რა მიმართულებით ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს. იმის მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში, 30 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, უფრო მომზადებულად დაიცვას თავისი საზღვრები, განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, ვეხმარებოდით და ვეხმარებით განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც 100 წლის წინ დაიწყო“, – განაცხადა კელი დეგნანმა 12 ოქტომბერს.

მას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობის, „ხალხის ძალის“ მორიგ ანტიამერიკულ განცხადებაზე.

ელჩი დეგნანის თქმით, „საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, 100 წლის წინ, სანამ რუსეთი დაიპყრობდა“:

„ის უკვე იყო ძალიან პროგრესული დემოკრატია და დღეს თქვენ ამ საქმიანობას კვლავ აგრძელებთ. შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, ააშენოს ეს ინსტიტუტები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ესაა აუცილებელი, რათა ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ნატოში, და ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, „ლიდერების მთელი კონცენტრირება მიმართული უნდა იყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ, რათა მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, მიაღწიოს ამ მიზნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი