ახალი ამბები

საქართველოს საზღვარი არ გაუვლია ასაფეთქებლით დატვირთულ სატვირთოს — კაკაურიძე

12 ოქტომბერი, 2022 • 1710
საქართველოს საზღვარი არ გაუვლია ასაფეთქებლით დატვირთულ სატვირთოს —  კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს.

ასე ეხმიანება კაკაურიძე რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებას, რომლის ვერსიითაც, ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, ბულგარეთიდან საქართველოსა და სომხეთის გავლით რუსეთში გადაიტანეს.

რუსეთისვე ვერსიით, ტვირთის გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოსა და  სომხეთის მოქალაქეები.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს და მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მიმდინარეობს კონტროლი საბაჟო სამსახურის მიერ.

„რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას.

არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს, თუ ვაგონს. მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან“, — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საბაჟო სამსახურის გვერდის ავლით მსგავსი რამ არ მომხდარა და ცრუ ბრალდებებზე განცხადებებს ვერ გააკეთებს.

„ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო, ასე ფიქრობთ?! თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ საბაჟო სამსახურს ეს პროცედურა ძალიან კარგად აქვს გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია, მათ ნაცვლად ვისაუბრო“, — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის — 3, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვერსიით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინასარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

ეფესბეს რელიზში ნათქვამია, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. გამგზავნად მიუთითეს შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

კრემლისტური მედია წერს, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი