ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა მეარაყიშვილის “დანაშაულების” გამოძიება 5 წლის შემდეგ თავიდან დაიწყო

12 ოქტომბერი, 2022 • 2461
ცხინვალმა მეარაყიშვილის “დანაშაულების” გამოძიება 5 წლის შემდეგ თავიდან დაიწყო

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის პროკურატურამ გამოძიება კვლავ დაიწყო. საქმე შეეხება იმ სამ ბრალდებას, რომელიც ცხინვალმა მეარაყიშვილს 5 წლის განმავლობაში ვერ დაუმტკიცა.

ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 5 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.

“დღეს ცხინვალის პროკურატურიდან მივიღე წერილი, რომლის თანახმად განახლდა წინასაწარი გამოძიება იმავე სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. როგორც ჩანს, არც ახალი ხელისუფლების ინტერესშია, დამნაშავეებად აღიარონ ახალგორის პროკურატურის თანამშრომლები, რომელთაც უკანონოდ დაიწყეს თავის დროზე ჩემ წინააღმდეგ საქმე. ეს თანამშრომლები ხომ ჩემი საქმის გარდა სხვა საქმეებშიც იგივე უკანონობას ახორციელებდნენ”, – ამბობს მეარაყიშვილი ნეტგაზეთთან.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლომ რამდენჯერმე გაამართლა, თუმცა ყოველ ჯერზე პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

“ბოლოს ახალგორის პროკურატურამ, საქმის ხანდაზმულობის გამო,  საქმის მორიგებით დასრულება ორჯერ შემომთავაზა, რაზეც უარი განვუცხადე. ამ შემთხვევაში, რეაბილიტაციის საშუალება, რასაც მე ვითხოვდი, არ მექნებოდა. ვფიქრობ, პროკურატურა ჩემს საქმეს საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად დაუბრუნდა”.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს კვლავ დანიშვნის შემთხვევაში, სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებს.

თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი