დიდი შვიდეული (G7) გმობს რუსეთის ბოლოდროინდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინაზე და აღნიშნავს, რომ განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულს წარმოადგენს.
„ჩვენ პრეზიდენტ პუტინს და [ომის დანაშაულზე] პასუხისმგებელ პირებს პასუხისგებლობას დავაკისრებთ“, — ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
G7 აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯებს ესკალაციისკენ, მათ შორის, ნაწილობრივ მობილიზაციას და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება“, — ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
G7 მოუწოდებს ბელარუსს, შეწყვიტოს რუსული აგრესიული ომის მხარდაჭერა.
„საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ეს დასჭირდება. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ომის შემდგომი სამშვიდობო მოგვარების თვალსაზრისით, მზად ვართ, დაინტერესებულ ქვეყნებთან, ინსტიტუტებთან და უკრაინასთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებებს მდგრადი უსაფრთხოების და სხვა ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. გავაგრძელებთ ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, — ნათქვამია G7-ის განცხადებაში.
დიდი შვიდეული ხაზს უსვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, რომლის ხალხიც რუსული აგრესიის შედეგად სიკვდილის, დევნილობის და უთვალავი სისასტიკის წინაშე დგას.
„უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად G7-ის ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკის მზადყოფნას სამართლიანი მშვიდობისთვის. ეს უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: გაეროს ქარტიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პატივისცემა; უკრაინის თავდაცვის უნარის დაცვა მომავალში; უკრაინის აღდგენის უზრუნველყოფა, მათ შორის გზების ძიება რუსეთის სახსრებით; პასუხისმგებლობის აღება ომის დროს ჩადენილი რუსეთის დანაშაულებისთვის. ღრმად ვართ შეწუხებული ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში Nordstream-ის მილსადენების მიზანმიმართული დაზიანების გამო და მკაცრად ვგმობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერ მიზანმიმართულ დარღვევას. მივესალმებით მიმდინარე გამოძიებებს“, — ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
