ახალი ამბები

ნატო რუტინულ ბირთვულ წვრთნებს გამართავს

11 ოქტომბერი, 2022 • 899
ნატო რუტინულ ბირთვულ წვრთნებს გამართავს

მომავალ კვირას ნატო გამართავს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს, სახელწოდებით „Steadfast Noon“.

Steadfast Noon ყოველწლიურად ტარდება და ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. კონვენციური, სადაზვერვო და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავების გარდა, წვრთნებში მონაწილეობს ბირთვული იარაღის გადამზიდი თვითმფრინავი, თუმცა, როგორც წესი, ნამდვილი ბომბების გარეშე.

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს 11 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რამდენად კარგი იდეაა ბირთვული იარაღის ფრენის სავარჯიშოების ჩატარება ახლა, რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საფრთხეებისა და გაუგებრობის პოტენციალის გათვალისწინებით?

„ახლა არის შესაფერისი დრო, ვიყოთ მტკიცე და ცხადი, რომ ნატო არის აქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე. და ეს არის დიდი ხნის დაგეგმილი წვრთნები, რეალურად დაგეგმილი უკრაინაში შეჭრამდე. ეს არის რუტინული ვარჯიში იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი ბირთვული შემაკავებელი საშუალების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ვიყოთ დარწმუნებული. ჩვენ [მოკავშირეებთან] ღიად ვისაუბრეთ წვრთნების თაობაზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მცდარ სიგნალს გააგზავნიდა, თუ ჩვენ უეცრად გავაუქმებდით რუტინულ, დიდი ხნის დაგეგმილ წვრთნებს უკრაინის ომის გამო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს მტკიცე, პროგნოზირებადი ქცევა, ჩვენი სამხედრო ძალა საუკეთესო საშუალებაა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, თუ ახლა ჩვენ შევქმნით მოსკოვის რაიმე არასწორი გათვლების საფუძველს ჩვენი მზადყოფნის შესახებ, დავიცვათ ყველა მოკავშირე, ამით უფრო გავზრდით ესკალაციის რისკს“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე თქვა, რომ ნატო არსებობს ბირთვული საფრთხეების შესაკავებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ფხიზლად აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს და მათ პოზიციებში რამე ცვლილება არ შეუნიშნავს.

„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბირთვული რიტორიკა ან ფარული მუქარა საშიში და დაუფიქრებელია. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. ასევე, ნათლად შევატყობინეთ რუსეთს, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება, თუ ისინი რამე ფორმით, მათ შორის, დაბალი სიმძლავრის ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ უკრაინაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

12 ოქტომბერს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ალიანსის შემდგომ ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებისა და უკრაინის დახმარების საკითხებს. მინისტერიალზე მიღებული იქნება გადაწყვეტილებები ნატოს საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგების გაზრდაზე გრძელვადიანი მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად. იენს სტოლტენბერგის თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მნიშვნელოვანია წარმოების გაძლიერება როგორც მოკავშირეების მარაგების შესავსებად, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

„ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი მედეგობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იქნება ერთიანი და მტკიცე პასუხი“, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული ჯაველინები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა არსებული მარაგებიდან იქნა გაღებული, თუმცა ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

„რადგან ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოიგოს ომი შემოჭრილი რუსული ძალების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინელების დიდი მარცხი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის დამარცხება და სახიფათო იქნება, რადგან სამყაროს უფრო სახიფათო და უფრო დაუცველს გახდის რუსეთის შემდგომი აგრესიისთვის“, — განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი მიესალმა მოკავშირეების მზაობას, უკრაინას მიაწოდონ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა შესაძლებლობები.

„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება. ანექსიის მცდელობები, ნაწილობრივი მობილიზაცია და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ და ისინი აჩვენებენ, რომ ეს ომი არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა საკვანძო როლს თამაშობს… პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს ომი. მან უნდა დაასრულოს ის უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელორუსის თანამონაწილეობა ამ უკანონო კონფლიქტში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი