„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა კრიტიკული არხების წინაშე მდგარ ფინანსურ პრობლემებზე და მათი გადარჩენის საჭიროებასან დაკაბშირებით მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე- ოპოზიციას.
„სანამ „მთავარის“ ოპერატორს და ჩვენს ჟურნალისტს ვხედავ ამ დარბაზში, მანამდე ბევრად უკეთ ვარ. თუმცა მინდა ყველა ჩემებს ვუთხრა, რომ მათ არავის არაფერი არ მართებთ. პირიქით, მე მმართებს მათი გაცილებით უფრო მეტი და შემიძლია, ერთადერთი მადლობა ვთქვა“, — განაცხადა გვარამიამ.
„მთავარი არხის“ გარდა, გვარამია შეეხო ტელეკომპანია „კავკასიის“ დაფინანსების საჭიროებასაც.
„ჩვენს მოკავშირეებს მინდა ვუთხრა, ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პირველი, — კოალიციაში მყოფი კი არა, — ანტიდასავლური ძალაა ხელისფლებაში, როცა ამ ძალას ხაზგასმით და აფიშირებულად აქვს „პოსტივი“… ხომ იცით, რაში დასჭირდათ აფიშირება, რომ ტელევიზია აქვთ? ამით გვითხრეს, რომ ეს არის სახელისუფლებო ძალა და ამ ქვეყანაში სახელისუფლებო ძალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ტელევიზია.
იმ ვითარებაში, როცა ასე ხდება და პარალელურად რეიტინგით ყველაზე დიდი პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში ამ ძალის საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა (არ დავასახელებ ახლა ორგანიზაციებს) დასავლური ფონდების მხრიდან, და „კავკასიისთვის“ უარის თქმა, პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას.
ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის. ანტიდასავლური ძალებისთვის პასუხი ის კი არ არის, აბდაუბდას რომ გამოაქვეყნებენ და მერე ამის პასუხად განცხადებები კეთდება, სიმეტრიული პასუხია პროდასავლური ძალების გაძლიერება გინდა მედიაში, გინდა პოლიტიკაში“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მიმართა ოპოზიციასაც:
„ოპოზიციას ვთხოვდი, რომ კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით არის ლოკალური ამოცანა, ძალიან დიდი ძალისხმევაც არ სჭირდება, რომ გადარჩეს. მარტო ჩვენს არხზე და „კავკასიაზე“ არ ვლაპარაკობ, ყველას უჭირს… ჩვენი გადარჩენაც შეუძლია საზოგადოებას“, — თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამია გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, კრიტიკას და თქვა, რომ ოპოზიციის დასუსტება მარტო ბიძინა ივანიშვილს აძლიერებს.
„ოპოზიციის კრიტიკა გახდა თვითმიზანი. ბოდიშს გიხდით ყველას ამის თქმისთვის, მაგრამ ეს ასე გამოიყურება. კრიტიკის მიზანი არის გარემოს გაუმჯობესება. ოპოზიციის კრიტიკა კი გახდა, რომ დაასტუკო და წახვიდე. ოპოზიციას ჩემზე მწვავე კრიტიკოსი ძაან ცოტა ჰყავდა. მაგრამ კონტექსტი ცვლის შინაარსსაც, სათქმელის დროსაც და ფორმასაც. იმასაც არ ვიტყვი, რომ ოპოზიცია ისეთი გვყავს, როგორიც გვყავს, როგორიც საზოგადოებაა… ჩვენი ოპოზიცია იმაზე კარგია, ვიდრე უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ომის წინა დღემდე.
მაგრამ როცა გარემოებები დაემთხვა, ვხედავთ, როგორ გაიშალა ის ოპოზიცია და ხელისუფლება თუნდაც. ამიტომ მე ამას ვუყურებ, რომ ერთხელ უკან მოვიხედავ და სრულიად მოშიშვლებული იქნება პოლიტიკური ზურგი ჩვენი — იმ ადამიანების, ვისაც ხელისუფლების შეცვლა და პროდასავლური სახელმწიფო გვინდა“, — განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის სისუსტე ნამდვილად ზედაპირზეა, მაგრამ არსებული დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება.
„ზოგჯერ ეს დამოკიდებულებები, სამწუხაროდ, უსამართლოა, ზოგჯერ — სამართლიანი, მაგრამ უკონტექსტო. ოპოზიციასაც მინდა ვთხოვო, — მე მგონია, რომ ახლა გაერთიანების ისეთი დროა, როგორც, ალბათ, არასდროს ყოფილა. ეს კრიტიკაც, ალბათ, დასრულდება. შიდა რესურსების და საზოგადოების დამოკიდებულების გადატვირთვა გჭირდებათ“, — მიმართა გვარამიამ ოპოზიციას.
გამოსვლის ბოლოს ნიკა გვარამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოსალოდნელ ცვლილებას გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა თსუ-ს სტუდენტებს, რომელთაც, მისი თქმით, უკვე მერამდენედ [ენმ-ის ხელისუფლების ჩათვლითაც] „თავს ახვევენ ისეთ რექტორს, რომელიც მათ არ უნდათ, არ იმსახურებენ და არც უნივერისტეტი იმსახურებს“.
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ვადამდე ადრე ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მის შემცვლელად ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება.