ახალი ამბები

პროკურატურა თელავში მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს

11 ოქტომბერი, 2022 • 741
პროკურატურა თელავში მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს

გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 8 ოქტომბერს თელავში მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულმა პირმა ცოლი მას შემდეგ მოკლა, რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 11 ოქტომბერს გაავრცელა.

უწყების განცხადებით, მიუხედავად დაზარალებულის პირდაპირი მითითებისა, რომ კაცი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომლის თანახმადაც არსებობდა დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულის მიმალვის საფრთხეები, რის შემდეგაც 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა კაცმა დაზარალებული მოკლა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს, ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდა მას და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე ,ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულის დედასაც.

მკვლელობამდე ოთხი დღით ადრე პოლიციამ ბრალდებული დააკავა ოჯახში ძალადობისა და ოჯახში ორი პირის მიმართ ძალადობის ბრალდებით, პროკურატურამ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა:

“6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2000 ლარი შეუფარდა.

პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობისადმი უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქალის მკვლელობის საქმეზე კაცს ბრალი განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე წარუდგინეს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურა განმარტავს, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ  იმავე დღეს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი