რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნით თბილისში აქცია დაიგეგმა. შეკრება, რომლის ორგანიზატორებიც ქართველი და უკრაინელი აქტივისტები არიან, პარლამენტთან უნდა გაიმართოს.
აქციის დაანონსებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები 10 ოქტომბრის დილას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!” — წერენ ორგანიზატორები.
შეკრება 10 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
“ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები”, — ნათქვამია ანონსში.
კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება თავდაპირველად ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაისმა. უკრაინული მედიის თანახმად, დაღუპულია რვა ადამიანი.
ამავე ცნობებით, აფეთქებები მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლვოვში, ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თანახმად, ჯამში, რუსეთმა 10 ოქტომბერს 83 რაკეტა ესროლა უკრაინას. მრავალი მათგანი თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
“ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს”, — აღნიშნავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.
მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა პასუხია ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდის აფეთქებაზე 8 ოქტომბერს, რომელშიც რუსეთი კიევს ადანაშაულებს.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა იყო „ტერორისტული შეტევა, რომლის მიზანსაც რუსეთის სამოქალაქო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება წარმოადგენდა“.
ქალაქების დაბომბვის საპასუხოდ უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ უკრაინის სიმამაცეს “ტერორისტების რაკეტები ვერასდროს მოერევა, მაშინაც კი, როცა დედაქალაქის გულს უტევენ”.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.
