დღეს, 25 ოქტომბერს, დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსებისა და ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე ექვსი კორპუსის, სასტუმროსა და მოლის აშენებას აპროტესტებენ.

ისინი მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებართვების გაცემა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები საჯარო განხილვის ჩატარებამდე.
  • შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიონალებისა და მოქალაქეების მონაწილეობას თბილისის ურბანული გარემოს არსებითად შემცვლელ ყველა გადაწყვეტილებაში.

დღევანდელ აქციაზე  შეკრებილებთან მივიდა„ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რესან ქიქავა.

რესან ქიქავას თქმით, მას მიაჩნია, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი გამართლებულია.

„მე მოვედი როგორც ამ სივრცის გულშემატკივარი და მგონია, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ. მე დიალოგისთვის არ მოვსულვარ, არანაირი მიზანი და დავალება არ მაქვს.  მე მოვედი როგორც მოქალაქე და როგორც „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.  მოვედი ჩემს გუნდთან ერთად, რათა მოვისმინო რა არის მოქალაქეების მოთხოვნა, რომ მქონდეს ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია მე დავწერე გუშინ. მაქვს ჩემი არგუმენტები, როგორც მოქალაქეს და როგორც „ექსპო ჯორჯიის“ ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის გამართლებული. რა თქმა უნდა, ყველას შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა რესან ქიქავამ.

რა იგეგმება „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე?

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, მასშტაბური დეველოპერული პროექტი იგეგმება — 6 საცხოვრებელი 12-, 20- და 30-სართულიანი კორპუსი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი („City Mall Expo“).

მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მაღალსართულიან კორპუსებსა და ცათამბჯენებს მოიცავს, დეველოპერული კომპანია „სითიზენი“ (Cityzen Development) გეგმავს, რომლის დამფუძნებელი მინდია საბანაძეა.  მინდია საბანაძე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ფლობს IG Development-ის, რომლის საკუთრებაშიცაა „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“. ის „ქართულ ოცნების“ შემომწირველია,  2016-2017 წლებში პარტიას 100 ათასი ლარი შესწირა. მანამდე კი, 2012 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო.

მინდია საბანაძე ირწმუნება, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი „ექსპოს“ გადარჩენას და განვითარებას უზრუნველყოფს.

თუმცა საპირისპიროს ამბობენ არქტიტექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებმაც „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის დასაცავად ინიციატივა  – „Save Expo დაიცავი გამოფენა“ – შექმნეს.

მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტის შედეგად ქალაქი დაკარგავს უნიკალურ ადგილს, ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებულ ისტორიას და მეხსიერებას, რომელიც დეველოპერის პირად ინტერესს ეწირება.

როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, ექსპო საზოგადოებრივი სირვცეა და არა სამშენებლო მოედანი.

„ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქის ისტორიულ გარემოს, არ უნდა იყოს მხოლოდ დეველოპერის გადასაწყვეტი. მერია ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი! აუცილებელია პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებენ Save Expo-ს წარმომადგენლები.

Save Expo-ს წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ანალიზიც, თუ რა რა ხდება „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის მიღმა:

„1. დაპირება: პროექტი ეტაპობრივად განვითარდება.
რეალობა: კომპანია აქტიურად აანონსებს პროექტს და იწყებს ბინების გაყიდვას ისე, რომ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მიღებული არ აქვს! ეს არის საზოგადოებისა და პოტენციური მყიდველების შეცდომაში შეყვანა. კომპანია პროექტის განხორციელებას უკვე გადაწყვეტილ საკითხად წარმოაჩენს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები მხოლოდ ფორმალობაა და მათი შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული.

2. დაპირება: მშენებლობა იქნება პერიფერიებზე, სადაც გამწვანება არ არის, გამწვანებას და ისტორიულ ზონას არაფერი ემუქრება.
რეალობა: პროექტი ითვალისწინებს 12-დან 32 სართულამდე 6 ცათამბჯენისა და სავაჭრო მოლის განთავსებას. აღნიშნული შენობები დაგეგმილია პარკის ცენტრალურ შესასვლელშიც და არა მხოლოდ “პერიფერიაზე“. ცათამბჯენები სრულად ცვლის ტერიტორიის იერსახეს, თრგუნავს უნიკალურ არქიტექტურულ ანსამბლს და წლების განმავლობაში შენარჩუნებულ სარეკრეაციო სირვცეს.

3. დაპირება: დაემატება სათამაშო მოედნები და ბილიკები.
რეალობა:„გამოფენის“ ტერიტორია დღეს ასრულებს სარეკრეაციო და საზოგადოებრივ ფუნქციას. დეველოპერის დაპირება, რომ მწვანე სივრცეები შენობებისა და სავაჭრო ცენტრის სახურავებზე მოეწყობა, ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან საზოგადოებრივ პარკს: ფორმალური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ეს ტერიტორიები რეალურად მხოლოდ კომპლექსის მაცხოვრებლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს მოემსახურება. შედეგად, საზოგადოებრივ სივრცეს ჩაანაცვლებს კერძო, კომერციულ ფუნქციებზე მორგებული ზონა“, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

რას ამბობს „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი?

გამოფენის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით 24 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რესან ქიქავავამ, სადაც ექსპოს პროექთან დაკავშირებით საზოგადოებას თავის შეხედულება გააცნო.

ქიქავას თქმით, მათთვის ყოველთვის გამოწვევა იყო ისტორიული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ფუნდამენტურ განახლებას, რისი რესურსიც კომპანიას არ გააჩნდა და დღესაც არ გააჩნია.

მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მოეძებნათ ისეთი პარტნიორი, ვისთვისაც კომერციულ ინტერესთან ერთად, მისაღები იქნებოდა ექსპოს ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის განახლება, მისი საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნება და ამავდროულად, საგამოფენო ინფრასტრუქტურის განვითარება.

როგორც ქიქავა ამბობს, სწორედ „სითიზენმა“  ითავა ამ პირობის შესრულება.

„სამწუხარო ქართული ბიზნესრეალობიდან გამომდინარე, რა წინადადებებს ვიღებდით, ან რაზე აქვთ წინა პარტნიორებს უარი ნათქვამი, ამაზე აქ არ დავწერ, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

სითიზენი გამოჩნდა ორი წლის წინ და ითავა ყველა ზემოთხსენებული პირობის შესრულება. შესაბამისად, პარტნიორების შეთანხმებით, დაახლოებით ორი წლის წინ გამოფენების ცენტრს შეეცვალა მფლობელი.

ახლახან სითიზენმა დაანონსა ექსპოჯორჯიას განახლების და განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც:

– ხელშეუხებელია ყველა საგამოფენო პავილიონი
– ხელშეუხებელია და მოსახლეობისთვის ღიად რჩება რეკრეაციული ზონა
– სრულად განახლდება ყველა არქიტექტურული ობიექტი, იქნება ეს პავილიონი, ორანჟერეა, ქანდაკება, ბარელიეფი, თუ მოზაიკა
– განახლდება არსებული რეკრეაციული სივრცე და მას დაემატება 10 000 კვ.მ. (საზოგადოებისთვის ასევე ღია) რეკრეაციული ზონა
– აშენდება სრულიად ახალი საგამოფენო პავილიონი, რომელიც ექსპოჯორჯიასთვის არსებულ საგამოფენო მოცულობას გაზრდის სამმაგი ოდენობით
– მოეწყობა საპარკინგე სივრცეები მიწისქვეშ, რაც ტერიტორიას სრულად გაათავისუფლებს ავტომობილებისგან.

ყოველივე ზემოხსენებულის უზრუნველსაყოფად და კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ დაანონსა რამდენიმე პროექტის განხორციელება, საგამოფენო ცენტრის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, კერძოდ, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მხარეს (რომელიც რამდენად არის არქიტექტურულად, ან ესთეტიკურად რამე ღირებულების მატარებელი, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ).

პროექტები მოიცავს “სითი-მოლის” მსგავსი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას სამტრედიის მხარეს, სამი საცხოვრებელი ბლოკით და სასტუმროს მშენებლობას, სტანისლავსკის მხარეს, ორი საცხოვრებელი ბლოკით“, – აცხადებს რესან ქიქავა.

მისი თქმით, ამ გეგმებიდან გამომდინარე, გასააზრებელია, რეალურად რისი დათმობა უწევს საზოგადოებას და რისი არა და ამის საპირწონედ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის ამ პროექტს.

„როგორ აისახება ამ პროექტის განხორციელება ექსპოჯორჯიაზე, მის ინფრასტრუქტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, სივრცის კეთილმოწყობაზე, პარკზე, ასევე როგორ აისახება ასეთი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, მათი უძრავი ქონების ფასებზე, სამუშაო ადგილებზე და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამ გეგმის განსხვავებული შეფასება, რომელსაც არსებობის იგივე უფლება აქვს, როგორც ჩემსას.

ჩემთვის ასევე გასაგებია ის უნდობლობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მსგავსი პროექტების და ზოგადად კერძო კომპანიების მიმართ.

ჩემი პოზიცია ეყრდნობა იმის გააზრებას, თუ რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე ქალაქის მოსახლეობისთვის და საგამოფენო ნაწილში – ქვეყნისთვისაც, ვიდრე ამ სივრცის უცვლელად დატოვება.

და ასევე ეყრდნობა პირად მეგობრობას (შესაბამისად ცოდნას) და პატივისცემას ამ პროექტის განმახროციელებელი ადამიანების მიმართ, რომელთა ზრახვებში და მათ სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველი მე არ გამაჩნია“, – აცხადებს რესან ქიქავა.