ახალი ამბები

რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს – პოპესკუ

10 ოქტომბერი, 2022 • 1068
რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს – პოპესკუ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტებმა გადაკვეთეს მოლდოვის საჰაერო სივრცე.

მისი თქმით, ამის გამო ახსნა-განმარტებისთვის მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს.

„შავ ზღვაში განთავსებული რუსული გემებიდან დღეს დილით უკრიანის მიმართულებით გაშვებულმა სამმა მართვადმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად გამოეძახებინათ რუსეთის ელჩი“, – წერს ნიკუ პოპესკუ ტვიტერზე.


დღეს, 10 ოქტომბერს, კიევის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის, რამდენიმე აფეთქება მოხდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და 24 დაშავდა.

მათივე ცნობით, აფეთქებები მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლვოლში, ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა შევჩენკოვეს უბანზე, კიევის ცენტრში, საცხოვრებელ სივრცეზე. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი