საზოგადოება

კიევში სარაკეტო თავდასხმას 8 პირი ემსხვერპლა, 24 დაშავდა – NV

10 ოქტომბერი, 2022 • 1399
კიევში სარაკეტო თავდასხმას 8 პირი ემსხვერპლა, 24 დაშავდა – NV

განახლება: უკრაინული მედიასაშუალების, NV-ის ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და 24 დაშავდა.

კიევის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის, რამდენიმე აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები მოხდა უკრაინის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ლვოლში, ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა შევჩენკოვეს უბანზე, კიევის ცენტრში, საცხოვრებელ სივრცეზე. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. „უნიანის“ ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის სიმამაცეს ვერასოდეს მოერევა „ტერორისტთა რაკეტები, მაშინაც კი, როცა ისინი დედაქალაქის გულს ურტყამენ“.

„ერთადერთი რამ, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ, არის გლობალურად მოძულებული, ცალკე მდგომი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი“, – წერს იგი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლოაკი წერს: „რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ სამოქალაქო პირების დახოცვა შეუძლია“.


წინა დღით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებას „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ტერაქტი“ უწოდა.

შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ჩამოინგრა ხიდის ნაწილი, საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა; რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთი ომის დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი