ახალი ამბები

„ალტ-ინფოს“ პარტიის წევრები რუსეთში „ევრაზიული კავშირის“ ფორუმს ესწრებიან

7 ოქტომბერი, 2022 • 1236
„ალტ-ინფოს“ პარტიის წევრები რუსეთში „ევრაზიული კავშირის“ ფორუმს ესწრებიან

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ლიდერი ზურაბ მახარაძე თავად ავრცელებს.

მისი თქმით, პარტიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „ევრაზიული კავშირის“ ინტეგრაციულ ფორუმში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართეს:

„ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან და ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან. საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებასა და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება“, – აცხადებს ზურაბ მახარაძე.

„კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფომ”. ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის საწინააღმდეგო, ძალადობრივი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

“კონსერვატიული მოძრაობა” აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. მიმდინარე წლის იანვარში კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით გაიმართა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრორუსული პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი