სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს, აშშ-ის ელჩზე თავდასხმის ნაცვლად, წერილები ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის მიეწერათ და წევრობის კანდიდატის სტატუსი მოეთხოვათ.
ამის შესახებ მან დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
ლომჯარიას „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჰკითხა, მიაჩნია თუ არა სახალხო დამცველს მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ აშშ-ის ელჩისთვის დასმული კითხვები თავდასხმად და შეურაცხყოფად და იყო თუ არა ასეთი შეფასებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
ლომჯარიამ ხუნდაძეს უპასუხა, რომ მათ უფლება აქვთ თქვან ის, რასაც ფიქრობენ.
„თუმცა მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს ასეთი თავდასხმები მოეწყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორზე და მის წარმომადგენელზე საქართველოში – ელჩზე.
უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ თქვენს გაერთიანებას, მაგალითად, წერილები მიეწერა ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსთვის, მათ შორის გაზაფხულზეც, როდესაც განიხილებოდა სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოსთვის. ვისურვებდი, რომ ზოგადად დეპუტატები ამ მიმართულებით იყოთ უფრო აქტიურები, წერდეთ წერილებს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს, სთხოვდეთ, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამბობდეთ, რომ მზად ვართ, ყველა ვალდებულება შევასრულოთ.
ვისურვებდი, ასეთი განცხადებები გაზაფხულზე გაკეთებულიყო. თუმცა მაშინ თქვენ განაცხადეთ, რომ თუ მმართველი ძალისთვის ევროკავშირისგან რამე მიუღებელი მოთხოვნა იქნებოდა, შეიძლება საერთოდაც უარი გეთქვათ კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ მე ძალიან უაყოფითი პოზიცია მაქვს [თქვენს] განცხადებებზე. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი უნდა ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, რომელიც გავალდებულებთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.