ახალი ამბები

სუსი რომ მღვდლებს უსმენს და გელათი ირეცხება, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა – ნაცვლიშვილი

7 ოქტომბერი, 2022 • 697
სუსი რომ მღვდლებს უსმენს და გელათი ირეცხება, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა – ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა  სახალხო დამცველისთვის უმრავლესობის წევრების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას.

ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც ეკლესიას ებრძვის.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, რომ თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით და, როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა.  ასე ესმის „ქართულ ოცნებას“ ეს ამბავი. ასევე, გელათი რომ ირეცხება, ეს ყოფილა თურმე რელიგიისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, ყოჩაღ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, რომელიც შეეხება 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ომბუდსმენის მოსმენისას უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გახდა, რომლითაც 2020 წელს მიღებული კანონი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ქვეყანაში თანასწორობის უფლებას არღვევს და სწორედ ამიტომ, მისი გაუქმება მოითხოვა.

დღევანდელ სხდომაზე კი სახალხო დამცველის სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

სწორედ ამ კონტექსტში დასვეს კითხვა როგორც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ისე „ოცნებიდან“ წასულმა, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილმა გურამ მაჭარაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი