კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამართლებრივად და თეორიულად შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენების მისაცემად უკრაინაში გადაიყვანონ, თუმცა ეს ქართულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, რადგან სააკაშვილი პატიმრობაში სწორედ საქართველოში იმყოფება.
როგორც წულუკიანი ამბობს, ამ შემთხვევაში საქართველოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა.
ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში 6 ოქტომბერს ისაუბრა.
როგორც წულუკიანი ამბობს, სააკაშვილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არ არსებობს და სააკაშვილი ციხეში ადეკვატურ მკურნალობას იღებს.
„ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამდენად სწორია პაციენტის მიერ საკუთარი თავის სამედიცინო მდგომარეობის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, ექიმმა უნდა თქვას. ექიმი რომ შევიდეს და შეაფასოს, ლიცენზირებული უნდა იყოს. ისინი, ვინც მას აფასებენ და ექიმები მას არ აკლია, ამბობენ, რომ მდგომარეობა სრულად სამედიცინო კონტროლს ექვემდებარება. შეიძლება თუ არა მისი ტრანსპორტირება, ეს ცალკე საკითხია. თვლის თუ არა საქართველოს სახელმწიფო, რომ ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში დაკითხვის მიზნით, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს.
მიმაჩნია, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი ჰყავდათ იქ, მრავალი წელი მიმდინარეობდა გამოძიება მისი გაძევების საქმეზე და ნებისმიერ დროს შეეძლოთ ეს ადამიანი დაეკითხათ მანამ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ საქართველოში. ეს უფრო საბაბს ჰგავს, ვიდრე საჭიროებას, რომ როგორმე სააკაშვილი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ჩამოვიდა“, — განაცხადა წულუკიანმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ვინმეს სააკაშვილის დაკითხვა სურს, ეს თბილისშიც არის შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოსცა განჩინება, რომელიც ეხება აღნიშნულ პროცესზე ჩვენების მისაცემად ექსპრეზიდენტის უკრაინაში გადაყვანას.
თუთბერიძე განმარტავს, რომ შესაბამისი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა დააყენა:
„გადაყვანაზეა საუბარი. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბორისპოლის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე“, – აცხადებს ადვოკატი.