ახალი ამბები

პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან — ღარიბაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 • 676
პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას  უხდის  ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონდ დერ ლაიენსა და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, — წერს პრემიერი ტვიტერზე.

ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს პრაღაში შეხვდა, სადაც 6-7 ოქტომბერს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა დასტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილსა და  ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა შესთავაზეს  თემატური დისკუსიის — მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე —თანათავმჯდომარეობა. პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

დისკუსიის ფარგლებში განხილეს გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

სამიტში  ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი