ახალი ამბები

სანამ შეკვეთილ პოსტებს დათანხმდებით, იცოდეთ, საკადრის პასუხს მიიღებთ — მელია თოფურიძეს

6 ოქტომბერი, 2022 • 828
სანამ შეკვეთილ პოსტებს დათანხმდებით, იცოდეთ, საკადრის პასუხს მიიღებთ — მელია თოფურიძეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ცილისწამებას“ უწოდებს ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის ბრალდებებს.

სოსო თოფურიძემ ნიკა მელია დაადანაშალა, თითქოს მისი შენახვა პარტიას წელიწადში 1.5 მილიონ ლარამდე უჯდება.  თოფურიძეს ენმ-ის მმართველობისას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. მას ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში.

„კრიტიკის ნაცვლად „კრიტიკის“, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად „ნიჭიერი“ გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.

ერთ-ერთი ასეთი “ნიჭიერის” წყალობით ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად. ეს „ნიჭიერი“ კაცი კი იმდენად „ნიჭიერი“ გახლავთ, რომ საზოგადოებას თავისი „საქმენი საგმირონით“ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი“, — წერს ნიკა მელია თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე და ამბობს, რომ პარტია არც ხელფასს უხდის, არც მის მივლინებებში, საწვავსა და დაცვაში ხარჯავს ასიათასობით ლარს, როგორც ეს თოფურიძემ დაწერა.

„საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ“, — აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, „თავის დროზე“ ხალხი პირადად მისგან გაიგებს „სრულ სიმართლეს, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ“.

მელიას თქმით, საჯაროდ თავს შეიკავებს საუბრისგან, სანამ პატიმრობაში არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია

„თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:

  1. სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად, ვინ რისთვის იბრძვის;
  2. მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
    ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება“, — წერს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი