ახალი ამბები

ვფიქრობ, ტურიზმის მოსაკრებლის დაწესების ინიციატივა სამართლიანია — დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 • 1581
ვფიქრობ, ტურიზმის მოსაკრებლის დაწესების ინიციატივა სამართლიანია — დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ტურისტული მოსაკრებელი საერთაშორისო პრაქტიკაა და  მისი დაწესება სამართლიანად მიაჩნია საქართველოს ტურისტულად აქტიური რეგიონებისთვის.

ამის შესახებ მან დღეს, 6 ოქტომბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ რესან კონცელიძის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

რესან კონცელიძემ მინისტრს ჰკითხა, როგორია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა ტურისტული მოსაკრებლის დაწესებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პარლამენტი ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელშიც ადგილობრივი ტურისტული მოსაკრებლების დაწესებაზეცაა საუბარი.

ლევან დავითაშვილის თქმით, ტურისტული მოსაკრებლის დაწესება ტურისტულად აქტიურ  მუნიციპილიტეტებს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

„ტურიზმის ახალი კანონი არის დავით სონღულაშვილის მიერ ინიცირებული. სამინისტროს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს კომიტეტთან და არაერთი განხილვის შემდეგ,  ვფირქობთ, რომ კანონი თვისებრივად გაუმჯობესდა. კიდევ არსებობს მოსაზრებები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ტურიზმის მოსაკრებლის ინიციატივა, ვფიქრობ, სამართლიანია.

ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ტურისტულად აქტიური რეგიონებისთვის მაკომპენსირებელია და  დამატებით შემოსავლებს აძლევს მუნიციპალიტეტებს, რომ ისევ და ისევ მუნიციპალიტეტების საჭიროებისკენ მიემართოს [თანხები] და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ესა თუ ის ლოკაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი