ახალი ამბებიეკონომიკა

თელავის აეროპორტზე გეგმები გვაქვს – დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 • 3513
თელავის აეროპორტზე გეგმები გვაქვს – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თელავის აეროპორტთან  დაკავშირებით საინტერესო გეგმები აქვთ.

ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას დღეს, 6 ოქტომბერს განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში,  თელავის აეროპორტის გამოყენებას შიდა ფრენებისთვის განიხილავენ.

„თელავის აეროპორტი არის კერძო აეროპორტი და მას ჰყავს კერძო მფლობელი, თუმცა მას აქვს საინვესტიციო პირობები და ვალდებულებები. ჩვენ აეროპორტის მფლობელებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტმა შეძლოს მეტი ფრენის შესრულება. ჩვენ ძირითადად მოვიაზრებთ, რომ პირველ რიგში თელავის აეროპორტი შესაძლოა გამოყენებული იყოს შიდა ფრენებისთვის, მათ შორის, ვფიქრობთ, თელავი-ბათუმის მიმართულება განვიხილოთ.

თუ ფინანსური რესურსები საშუალებას მოგვცემს, შეიძლება სხვა მიმართულებაზეც ვიფიქროთ. ეს შეიძლება იყოს თელავი – მესტია, ასევე, შესაძლოა მომავალში იყოს თუშეთში ფრენები. სამინისტრო ინტენსიურად სწავლობს, რომ იქ მცირე აეროდრომი მოეწყოს, რათა გამოვიყენოთ ფრენებისთვის.

ასე რომ, თელავის აეროპორტთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო გეგმები და უკვე 2023 წელს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება. მათ შორის მგზავრთა უსაფრთხოების შემოწმების დანერგვის კუთხით, რასაც  აეროპორტების გაერთიანება მფლობელთან ერთად გადის და ამ კუთხით პროგრესი გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


2018 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება. მან განაცხადა, რომ კერძო სექტორთან პარტნიორობით კახეთში პირდაპირი და ჩარტერული რეისები განხორციელდებოდა, რასაც შემდგომში შესაძლოა რეგულარული რეისებიც მოჰყოლოდა.

კახეთის აეროპორტის კონცეფციასა და ადგილის შერჩევაზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შ.პ.ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუშაობდა.

კახეთში, თელავში, არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი აეროპორტი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა.

2018 წელს, კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობდა, რომ კახეთს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდებოდა.

“აეროპორტი მიმინო” სასწავლო აეროპორტია, სადაც დღესაც ხორციელდება სასწავლო დანიშნულების ფრენები. აეროპორტს შეუძლია მცირე ზომის თვითმფრინავების მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია უფრო დიდ აეროპორტზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტზე, რომელსაც საერთაშორისო რეისების შესრულებაც უნდა შეეძლოს. კონკრეტული ლოკაცია, სად იქნება ეს აეროპორტი, ჯერ უცნობია. შესწავლა მიმდინარეობს. ამ პროცესში შეიძლება განხილული იყოს როგორც თელავის აეროპორტი, ასევე სხვა ლოკაცია კახეთის რეგიონში”, – აცხადებდა ირაკლი ქადაგიშვილი.

ტავ ჯორჯიასთან სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულებით (მოქმედია 2027 წლამდე) თბილისიდან 150 კმ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი ვერ აშენდება.

Google Map-ის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დედოფლისწყარომდე მანძილი არაპირდაპირი გადაზომვით 156 კმ-ია,  ლაგოდეხამდე მანძილი- 165 კმ, ხოლო თელავამდე- 102 კმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი