ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახრა ავიძბა ეწინააღმდეგება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას

6 ოქტომბერი, 2022 • 3373
ახრა ავიძბა ეწინააღმდეგება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


“დონბასის გმირი” აფხაზეთში რუსული სამყაროს წინააღმდეგ გამოდის და საქართველოსთან ომის მზადების საჭიროებაზე საუბრობს.

აქციის ნაცვლად პრესკონფერენცია

აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკა” დონბასიდან სოხუმში 29 სექტემბერს, მისი მეთაურის, ახრა ავიძბას განცხადებით, “გამარჯვების დღის აღსანიშნავად და დასასვენებლად” დაბრუნდა. “პიატნაშკამ” მონაწილეობა მიიღო 30 სექტემბრის ღონისძიებაში, რამდენიმე დღეში კი თავად ახრა ავიძბა, მისივე ინიციატივით, ადგილობრივ მედიას შეხვდა, სადაც აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი მრავალი საკითხი მიმოიხილა.

ახრა ავიძბა აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ მისი დამსახურებით ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა – სხვადასხვა საკითხზე გამართულ საპროტესტო აქციებს აფხაზეთში 2019 წელს სწორედ ახრა ავიძბა  ხელმძღვანელობდა.

დონბასიდან დაბრუნებულ ახრა ავიძბასგან სოხუმში მეტს მოელოდნენ – სულ მცირე, საპროტესტო აქციას, რადგან ჯერ კიდევ დონეცკიდან ახრა ავიძბა  ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო. პირველი, რაზეც აღშფოთებას გამოთქვამდა, იყო მაღალი ფასი საწვავზე, მეორე – ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ რუსეთთან შეთანხმება, და მესამე – სამთავრობო შენობების გარშემო ღობის მშენებლობა.

თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ არც აქცია ჩატარებულა და არც საპრეზიდენტო რეზიდენცია აუღიათ შტურმით. ამის მიუხედავად, ახრა ავიძბამ საკუთარი სათქმელის გახმიანება მაინც მოისურვა და პრესკონფერენცია მოიწვია მის მიერ შარშან შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ახალი სახეების” ოფისში.

ოლიგარქი, რომელსაც ახრა ავიძბას ცნობით, სურს ბიჭვინთა

“ჩვენ არ უნდა ვჩუქნიდეთ ვინმეს ჩვენს მიწებს” ,- ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა “პიატნაშკას” ხელმძღვანელმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიების გასხვისების შესახებ.

როგორც მან თქვა, როდესაც ბიჭვინთის პრობლემის შესახებ დონეცკში შეიტყო, დაუყოვნებლივ შეკრიბა მებრძლები მათი აზრის მოსასმენად.

“ყველა, ვინც აფხაზეთიდან იყო, არა მხოლოდ აფხაზები, ასევე ეთნიკური სომხები, რუსები და ბერძნები, დღისით გავიყვანეთ და შევკრიბეთ ბაზაზე. განვიხილეთ ეს საკითხი. მე ვუთხარი, რომ მაინტერესებდა თითოეულის აზრი, რათა შემდეგ ეს აზრი გამეხმიანებინა. უკლებლივ ყველას მიაჩნია, რომ ამ ტერიტორიების გაჩუქება არ შეიძლება”.

შესაბამისად, მან მოუწოდა პარლამენტს, უარი თქვას შეთანხმების რატიფიცირებაზე, რადგან ეს აფხაზეთს პრაქტიკულ სარგებელს არ მოუტანს. ამასთან, ის ვერც საფრთხეს ხედავს იმ შემთხვევაში, თუკი ეს დოკუმენტი რატიფიცირებული არ იქნება.

ავიძბას თქმით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია აჩვენებს, რომ საკუთარი მიწის თითოეულ მტკაველს გაფრთხილება სჭირდება.

“დავსვათ კითხვა, ჩვენ ვართ საინტერესო ვინმესთვის თუ ჩვენი მიწა,  ვიქნებით კი საინტერესო ვინმესთვის ჩვენი მიწის გარეშე? რა თქმა უნდა, გულზე მჯიღის ცემით მოგვიყვებიან, რომ ჩვენ მიწას არ ვჩუქნით და მხოლოდ შენობას ვასხვისებთ. და ამ შენობს ვინმე ამოთხრის და წაიღებს სხვაგან?”

აქვე ახრა ავიძბა ასახელებს იმ რუს ოლიგარქს, ვისაც, მისი ცნობით, ეს სახელმწიფო აგარაკი სურს.

“მისი დასახელებით პრობლემებს შევიქმნი, მაგრამ მაინც ვიტყვი, ეს არის ჩემიზოვი”.

სერგეი ჩემიზოვი რუსი პოლიტიკოსია. რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსტექის” გენერალური დირექტორი, ორგანიზაცია “რუსეთის მანქანათმშენებელთა კავშირის” თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი; რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს წევრილ 2014 წლიდან უკრანაში ომის გამო აშშ-ის პერსონალური სანქციების ქვეშაა, ასევე, 2022 წლიდან ევროკავშირის სასანქციო სიაში.

ავიძბა ამბობს, რომ მოქალაქეებმა კარგად იციან, თუ რით მთავრდება აფხაზეთის ხელისუფლების თანამშრომლობა რუს ჩინოვნიკებთან და მაგალითად ასახელებს ალექსანდრ ტკაჩოვს, კრასნოდარის მხარის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც ბიჭვინთაში მიწის დიდ ფართობსა და სასტუმროს ფლობს.

“ამჟამად იქ მიმდინარეობს სხვა მშენებლობა და ბიჭვინთაში შესასვლელი ერთ-ერთი გზა გადაკეტილია”.

ახრა ავიძბას თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შემოდიან რუსი ოლიგარქები აფხაზეთის მესაკუთრეთა სისტემაში.

“ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ტკაჩოვს სურს, აქ იყოს სტაბილურობა, რადგან აქ უნდა ფულის შოვნა, აქ აქვს აგარაკი. თქვენ გაქვთ აგარაკი ზღვის ხედით? მე არა! ის კი მას საკუთრებაში აქვს, რადგან 200 მილიონი დახარჯა სკოლის მშენებლობისთვის. საიდან აქვს ჩინოვნიკს ამხელა ფული? დიდი ალბათობით, ეს არალეგალური ფულია, რომლისთვისაც მან მადლობაც დაიმსახურა”, – ასე აღწერა ავიძბამ რუსი და აფხაზი ჩინოვნიკების ურთიერთობის მაგალითი.

ავიძბა დარწმუნებულია, რომ სერგეი ჩემიზოვსა და სხვა რუს ბიზნესმენებს სურთ მიიღონ უძრავი ქონება და მიწა აფხაზეთში, რადგან ფიქრობენ, რომ აფხაზეთი სულ მალე გახდება რუსეთის ნაწილი და თავისუფალი მიწების დაპატრონება უნდა იჩქარონ.

“აფხაზეთი რუსეთის ნაწილი იქნება”

ახრა ავიძბას პროგნოზით, არაა შორი ის დრო, როდესაც აფხაზეთს, მეზობელი ქვეყნის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა უბრალოდ არ დარჩება, რადგან მალე შეიცვლება რუსეთისა და აფხაზეთის ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობებიც.

2025 წლის გეგმის შესაბამისად, აფხაზეთში რუსული დაფინანსებები მცირდება.

“2025 წელს ჩვენი მილიცია, ჯანდაცვა, თავდაცვა, მასწავლებლები და სხვა საბიუჯეტო აპარატი მიიღებენ  დღევანდელი დაფინანსების მხოლოდ 15%-ს. დავუშვათ, ეს დახმარება გაგვიგრძელეს, რის საფუძველზე მოხდება ეს? სარკინიგზო კრედიტიც კი არ გვაპატიეს და მხოლოდ დროებით გადაგვივადეს. ალბათ, იქამდე, სანამ ჩვენ თავად არ ვითხოვთ რუსეთის შემადგენლობაში ან სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლას. ბევრი სხვადასხვა ვარიანტია. ჩვენ უბრალოდ კუთხეში ვართ მომწყვდეული. გავიხსენოთ 90 -იანი წლები, როდესაც კრასნოდარის მხარეში შესვლას ვითხოვდით”.

ავიძბა ამბობს, რომ აფხაზეთში პროქართულ განწყობებს ამჩნევს

ახრა ავიძბას დაკვირვებითვე, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან მიერთების განწყობებიც გაჩნდა.

“საზოგადოებაში განწყობები უკიდურსად უსიამოვნო ხდება – ყვებიან, რომ ამაში ცუდი არაფერია, რომ საქართველოში ჩადიან და იქ თურმე აფხაზები უყვართ. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ათასჯერ ჩახვიდეთ იქ, მაგრამ უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო მიმართულია რევანშისკენ. ეკონომიკური და ჯანდაცვის გზით ცდილობენ ჩვენს ჩათრევას სხვადასხვანაირად. პროგრამები აქვთ გაწერილი მრავალწლიანი, რომ სამხედრო გზით დაგვიბრუნონ”.

ავიძბა ამბობს, რომ დღეს აფხაზეთი უფსკრულის პირასაა და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ მიიყვანა.

“რუსული საინვესტიციო დახმარება გადასარევად დავხარჯეთ, შევჭამეთ, რაღაც ნაწილი ვერ დავხარჯეთ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ფული შემოდიოდა სახელმწიფოში, ჩვენ ვერ ვიყენებდით მას და უკან აბრუნებდნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ პროფესიონალი კადრების დეფიციტია ადგილზე. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა, რადგან სამსახურებში უმუშევარი ახლობლები და მხარდამჭერები აგვყავს. ფულის საშოვნელად ასეთი პრინციპებით დაანაგვიანეს სახელმწიფო ორგანოები”.

საქართველო და მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ

ავიძბა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ოპოზიცია დაბრუნდება ხელისუფლებაში.

“საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი, რადგან იცის, რომ თუ დაწყებს ომს, ხელისუფლება შეიცვლება. ოპოზიციას კი მიხეილ სააკაშვილის ციხიდიდან გამოხსნა უნდა, რომ ამ ტალღაზე თავს დაგვესხან. 2008 წელს მათ ამარაგებდნენ იარაღით და ამ იარაღმა გაისროლა კიდეც. დღესაც გემებით შედის თურქეთიდან საქართველოში იარაღი. სწვლებები იმართება და ძალების მობილიზება ხდება”.

ასეთ ვითარებაში კი, როგორც ავიძბა ამბობს, აფხაზეთი მზად უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯისთვის და აფხაზების გადასამზადებლად დონბასის გამოცდილების გამოყენებას სთავაზობს, რადგან 30 წლის წინანდელი ბრძოლის ფორმები დრომოჭმულია.

რატომ უნდა დაიცვან გალელების უფლებები

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ახრა ავიძბამ აზრი გამოთქვა, გალის რაიონია. ის აკრიტიკებს აფხაზეთის ხელისუფლებას გალელების მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო.

მისი თქმით, პირიქით უნდა ხდებოდეს და ხელი უნდა შეეწყოს მეგრელების და სვანების დამწერლობის განვითარებას და მათი ენის დაცვას, რადგან ამ გზით ქართველებს, მეგრელებსა და სვანებს შორის უთანხმოება გაიზრდება.

პრესკონფერენციის დროს ახრა ავიძბა შეჰპირდა მოქმედ ხელისუფლებას, რომ არაფერს მოიმოქმედებს მათ მოსაშორებლად, თუკი ხელისუფლება ტერიტორიებს რუსეთს არ გადასცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და “პიატნაშკა” პრეზიდენტის და პარლამენტის დეპუტატების პირად მტრებად იქცევიან.

ამასთან, მან ირიბად მიანიშნა იმაზე, რომ თუკი მის ლიკვიდაციას ეცდებიან, მისი გარემოცვა პირადად ასლან ბჟანიაზე იძიებს შურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი