ახალი ამბებიეკონომიკა

დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა – დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 •
დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

ამის შესახებ მან დღეს, 6 ოქტომბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით,  2021 წელს 2020-თან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი 3,8%-ით შემცირდა: 21,3% -დან 17,5%-მდე.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დონე მაღალია ქვეყანაში. ამიტომ ამის დაძლევის ერთადერთი გზა, რაც ადამიანებს მოუფიქრებიათ და რეალისტურია, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, სიღარიბის შემცირება უნდა მოვახდინოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და სამიზნე მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, მისი თქმით, ამის დასაძლევად მჭიდროდ მუშაობენ ეროვნულ ბანკთან და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, სანამ ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება.

„დღეისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, საქართველოს ეკონომიკის ზრდას 9%-ით წინასწარმეტყველებენ და 2022-2027 წლებში საქართველოს მათი პროგნოზის მიხედვით ექნება რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 5.6%-ით. მე ვფიქრობ, საქართველო ამაზე მეტსაც მიაღწევს.

იმ პოზიტიური ტენდენციების ფონზე, რაც ეკონომიკური აქტივობის კუთხით დაფიქსირდა, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ჩვენ რეალისტები ვართ და გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. მიწოდების ჯაჭვების რღვევამ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა გამოიწვია გლობალური ინფლაცია. უპრეცენტოდ მაღალი ინფლაცია ფიქსირდება მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი