მოძრაობა „გავიგუდეთ“ სასამართლო დავას იწყებს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ.
სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებისა და სახელმწიფო უმოქმედობის მიზეზით რუსთავის მოქალაქეებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ზიანი მიადგათ.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო. მომდევნო სხდომა 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სამოქალაქო მოძრაობის — „გავიგუდეთ“ — წევრებმა იციან, რომ წინ რთული და პრეცედენტული სასამართლო დავა ელით, რადგან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ჰაერის დაბინძურებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კომპლექსური და გრძელვადიანი დავის საკითხია.
თუმცა ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული რესურსებით პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ.
„ეს არის უწყვეტი სტრესი“
- „მაქვს თავის ძლიერი ტკივილი და დილით მეღვიძება სუნთქვის გაძნელებით“;
- „მყავს მოხუცი დედა და სისტემატურად ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე, რადგან სახლში ფანჯრების გაღება და სახლის განიავება უმეტესად შეუძლებელია, მისი იმუნური სისტემა ასაკის „გამო ისედაც დაქვეითებულია და დაბინძურებული ჰაერი დამატებითი რისკ-ფაქტორია“;
- „ჩემთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დაბინძურებულ ჰაერს გავლენა აქვს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რადგან უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ბავშვის ყოლას“ .
სამოქალაქო მოძრაობის ინფორმაციით, ეს არის მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ ისტორიებისა, რასაც მოსარჩელეები ყვებიან. ამ საქმის ფარგლებში სასამართლოს წინაშე სიტყვით რუსთავის 11 მოქალაქე გამოვა. ყველა მათგანს აერთიანებს ის მუდმივი სტრესი და დარდი, რომელსაც დაბინძურებული ქალაქის ჰაერი იწვევს.
საქართველოს მასშტაბით რუსთავში ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. 365 დღიდან აქ 270 დღის განმავლობაში ჰაერის ხარისხი ან ცუდია, ან ძალიან ცუდი. ეს უკვე წლებია, რაც არ იცვლება.
„გავიგუდეს“ იურისტი ციალა რატიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ როდესაც სარჩელისთვის მზადება დაიწყეს და ამის შესახებ ფეისბუკზე ღიად დაწერეს, მათ გამოეხმაურა ათობით ადამიანი. თითქმის ყველა ერთსა და იმავე გამოცდილებას აღწერდა — სტრესი, ძლიერი შფოთვა, მოუსვენრობა, მუდმივი ფიქრი ბავშვების ჯანმრთელობაზე.
რაკი ფიზიკური ჯანმრთელობის ზიანი რთული დასაკავშირებელია უშუალოდ ჰაერის დაბინძურებასთან, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ დარდი ბევრ მოქალაქეს ერთდროულად აერთიანებდა, მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ სარჩელი სწორედ ამ კუთხით დაეწერა.
„სარჩელის თავდაპირველ ვერსიაში ჩვენ ვითხოვდით მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამჟამად სარჩელი დაზუსტებულია და ვითხოვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, უზრუნველყონ რუსთავში მდებარე ყველა საწარმოს ფუნქციონირება კანონის შესაბამისად — ყველა მათგანს რომ ჰქონდეს გამონაბოლქვის თვითმზომი სისტემა და აღჭურვილი იყვნენ ფილტრებით, ვინაიდან ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია დგას ქალაქ რუსთავში“, — დასძენს იურისტი.
2021 წლიდან ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და საწარმოებს დაევალათ, ფილტრაციის სისტემასთან ერთად, დაემონტაჟებინათ თვითმზომი სისტემა, რომელიც ჰაერში გაფრქვეულ ნივთიერებებს ავტომატურად გადასცემს სამინისტროს მონაცემთა ბაზას. შესაბამისად, მარტივდება დარღვევათა კონტროლი.
თუმცა ამჟამად რუსთავში ეს სისტემა მხოლოდ 4-მა საწარმომ აამოქმედა სრულყოფილად. დანარჩენი საწარმოების კონტროლი ხდება ან გეგმურად, ან მოქალაქის გამოძახების შემდეგ. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ რეაგირება გვიანდება.
„თავისთავად, საინტერესო დავა იქნება, ვინაიდან, მე რამდენადაც ვიცი, ეს დავა საქართველოსთვის უპრეცედენტოა, რადგან ჩვენ სწორედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვუთითებთ და ასევე მივუთითებთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სადაც წერია, რომ არ არის სავალდებულო, უკვე არსებობდეს ჯანმრთელობის ზიანი, საკმარისია, რომ ასეთი მოიაზრებოდეს.
რუსთავის შემთხვევაში ეს ზიანი მოიაზრება კიდეც, მით უმეტეს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაერომ უკვე ოფიციალურად გაიყვანა გარემოს დაცვა ადამიანის უფლებათა ძირითად რანგში“, — ამბობს ციალა რატიანი.
მისივე თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილ დოკუმენტებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ზიანი და ჰაერის დაბინძურება მიზეზ-შედეგობრივი არ არის „და ისინი ყველა ზომას იღებენ, რასაც მათ კანონი ავალდებულებს“.
მოსარჩელეებს შორის ერთ-ერთი თიკო მაღედანია, რომელიც სათავეში უდგას მოძრაობას. ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 4-წლიანი ბრძოლის განმავლობაში აქტივისტებმა ყველა გზა სცადეს: მოლაპარაკებები, აქციები, სხვადსხვა კამპანიები, „მაგრამ სათანადო შედეგი ვერ მივიღეთ. პროცესი დაიძრა რაღაც ეტაპზე, მაგრამ ეს არ არის ის ტემპი, რომელიც საკმარისია იმსითვის, რომ ყოველდღიურად არ ვიყოთ საფრთხის წინაშე და, სამწუხაროდ, არც ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესებულა,“.
„ჰაერის შემთხვევაში ძალიან რთულია, რომ დაადგინო პირდაპირი კავშირი ადამიანის დაავადებასა და ჰაერის დაბინძურების შორის. აი, მაგალითად, მე რომ მაქვს მომატებული ალერგიული ფონი ვერანაირად ვამტკიცებ, რომ ეს არის საწარმოებიდან წამოსული დაბინძურების ბრალი, ან თუნდაც, ჩემს მეგობარს რომ სიმსივნე აქვს, ის ვერ დაამტკიცებს, რომ ეს სიმსივნე გამოწვეულია დაბინძურებით და არა — რაიმე გენეტიკული ფაქტორით.
შესაბამისად, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან კავშირი ძალიან გართულდებოდა და ამიტომ გადავვწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით“, — ამბობს თიკო მაღედანი.
აქტივისტი ყვება, რომ დაბინძურებული ჰაერი ბევრი რუსთაველის ცხოვრებას სრულიად ცვლის — გარდა იმისა, რომ მუდმივ სტრესში აცხოვრებს მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე უცვლის რეჟიმს. მისი თქმით, ბევრი რუსთაველი, მაგალითად, ვეღარ ვარჯიშობს დილაობით და ცდილობს, შეამციროს გარეთ ყოფნის დრო.
11-ვე მოსარჩელემ კონსულტაციები გაიარა ფსიქიატრთან. მათგან შფოთვის ოფიციალური დიაგნოზი ერთს დაუდგინდა, თუმცა ანამნეზში ნათქვამია, რომ მოსარჩელეებს აღენიშნებათ ემოციური დაძაბულობა, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება და სხვა.
„ეს არის ყოველდღიური ფიქრის საგანი. დიდი ემოციური რესურსი გეხარჯება, როდესაც ამ პირობებში ცხოვრობ. გაქვს ორი გამოსავალი – წახვიდე ქალაქიდან და ბევრ ჩვენგანს ამის არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს და არც რესურსი. ან დარჩე ქალაქში და იფიქრო, რამდენად სწორია აქ ბრძოლა, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი წელი დასჭირდეს.
ჩემ შემთხვევაშიც, მაგალითად, ყოველდღიურად ვამოწმებ ჰაერის ხარისხს და ამის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას, გავიდე თუ არა გარეთ. ან თუ ჩემი პატარა ძმისშვილი ჩამოჰყავთ ქალაქში, მე მუდამ ვღელავ მის ჯანმრთელობაზე. მე რომ წავიდე ამ ქალაქიდან, ჩემთვის საყვარელი ადამიანები ამას ვერ გააკეთებენ. შესაბამისად, არც წასვლა იქნება ჩემი დამშვიდების საბაბი“, — ამბობს თიკო მაღედანი.
მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის კონტროლის (air.gov.ge) ოფიციალური პორტალის თანახმად, რუსთავში წელიწადის 70-75%-ის განმავლობაში ჰაერი ან ცუდია, ან ძალიან ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ჰაერი ამ დღეებში დაბინძურებულია სხვადასხვა ნივთიერებებით, მათ შორის, მტვრის მყარი ნაწილაკებით, რომელიც არაერთ დაავადებასთან, მათ შორის, სიმსივნეების განვითარებასთანაა კავშირში.
„გაუმჯობესებები არის, არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს არანაირი შედეგი არ ყოფილა აქამდე. როგორც რამდენიმე საწარმოს მფლობელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ არ ყოფილიყო „გავიგუდეთ“, ჩვენ წლების განმავლობაში არ დავაყენებდით ამ ფილტრაციის სისტემას, რადგან არავინ იყო პასუხის მომთხოვნიო. შესაბამისად, შედეგები ნამდვილად არის: იგივე რუსთავს აქვს ჰაერის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ჩვენი აქტივიზმის შედეგად. თუმცა ახლა მთავარი გამოწვევა არის აღსრულება.
რუსთავში სულ არის 50-მდე საწარმო, ეს საკანონმდებლო რეგულაციები — თვითმონიტორინგის დამონტნაჟება, სავალდებულო არის 25 საწარმოსთვის, უწყვეტი თვითმონიტორინგი სავალდებულო არის 25 საწარმოსთვის, თუმცა ამ 25-დან, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 17 მუშაობს და ამ 17-დან მხოლოდ 4-ს აქვს ეს თვითმონიტორინგის სისტემა“, — ამბობს თიკო მაღედანი.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჰაერის დაბინძურება – მოძრაობის მიერ წარდგენილი კვლევები
2022 წელს მოძრაობამ „გავიგუდეთ“ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ერთი თავი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ჰაერის დაბინძურების შორის კავშირზე საუბრობს.
ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც მოძრაობას მაგალითად მოჰყავს, კვლევაა, სახელად – „ბავშვობასა და მოზარდობაში ჰაერის დაბინძურების გავლენა ზრდასრულობაში გარდამავალ პერიოდში ფსიქოპათოლოგიის განვითარებაზე“. ამ კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების არეალში ცხოვრობდნენ, ზრდასრულობისას უფრო მოწყვლადი იყვნენ მენტალური დაავადების მიმართ. მკვლევრები ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ და აფასებდნენ.
კიდევ ერთი კვლევა, რომელსაც მოძრაობა უთითებს, ამბობს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც აზოტის ოქსიდების მაღალი დაბინძურების არეალში ცხოვრობენ, დემენციის რისკი 40%-ით ეზრდებათ. ამავე კვლევის თანახმად, დაბინძურების მაღალი დონე ბავშვებსა და ზრდასრულებში მათ კოგნიტურ ფუნქციაზე ახდენს უარყოფით გავლენას.
სხვა კვლევები და ვრცლად ეს ანგარიში წაიკითხეთ აქ.