ახალი ამბები

5 TOP-შემოსავლიანი TV-დან 2020-ში არც ერთს ჰქონია მოგება — TI

4 ოქტომბერი, 2022 • 719
5 TOP-შემოსავლიანი TV-დან 2020-ში არც ერთს ჰქონია მოგება — TI

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ანგარიშში 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, ბაზრის მთავარი გამოწვევა 2021 წელსაც კორონავირუსი და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იყო, რაც ეკონომიკას ტვირთად დააწვა.

ორგანიზაციის თანახმად, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად, „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც სარეკლამო ბაზრის 37.4%-ია.

წყარო: TI 

მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა 11.9 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 14.3%) შემოსავლით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება ჰქონდა მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, რაც დროში ემთხვევა მფლობელის შეცვლას.

“2018 წელთან შედარებით 2021 წელს [რუსთავი 2-ის] სარეკლამო შემოსავალი 19.3 მლნ ლარით შემცირდა (63.4%) და 11.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 1.7 მლნ ლარით შემცირდა (13.1%)” ,— აღნიშნავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

წყარო: TI 

2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით გაიზარდა (1%) და 139.8 მლნ ლარი შეადგინა. ამავე წელს კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ ეჭირა 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა.

ანგარიშს ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზეც, რომ 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არცერთს არ ჰქონია მოგება. ყველზე დიდი ზარალი, 74.5 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

წყარო: TI 

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს: მისი სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო. ეს 1.4 მლნ ლარით მეტია 2020 წელთან წელთან შედარებით.

“როგორც მაუწყებელში განგვიცხადეს, ეს ზრდა ძირითადად 2021 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირებამ გამოიწვია”, — აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევა მოიცავს ყველა კერძო ტელევიზიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა ღია მონაცემებს, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასა და სფეროს წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი