რუსეთში, სახალინის ოლქში მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა ოჯახებს 5-5 კილოგრამ გაყინულ თევზს დაურიგებენ. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ რეგიონული შტაბის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაილ შუვალოვმა განაცხადა.
მან თქვა, რომ ოლქის ხელმძღვანელობასა და თევზის მომწოდებლებს შორის შეთანხმება დაიდო და გამოიყო დაახლოებით 9 ტონა გაყინული თევზი:
„ეს არის კამბალა, მინტაი, კეტა. უახლოეს მომავალში მოხალისეები დაურიგებენ სახალინის მთელი ტერიტორიიდან გაწვეულთა ოჯახებს, თითო სულზე 5-6 კილოგრამ თევზს“, – აცხადებს იგი და ამბობს, რომ ამგვარი ღონისძიება ერთგვარი მხარდაჭერის ზომაა – „უახლოეს დღეებში ოჯახებში გაჩნდება თევზი“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში გაწვეულთა სანაცვლოდ ოჯახებს საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქტებით ამარაგებენ. მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა ოჯახებს ცოცხალ ცხვარს ურიგებს, ქვანახშირთან, ფქვილთან და სხვა პროდუქტთან ერთად.
მთავარ ფოტოზე: თევზი „კამბალა“
ტუვიდან გაწვეულთა ოჯახებს ცხვარს, კარტოფილსა და სხვა პროდუქტს ურიგებენ