ახალი ამბები

ტუვიდან გაწვეულთა ოჯახებს ცხვარს, კარტოფილსა და სხვა პროდუქტს ურიგებენ

30 სექტემბერი, 2022 • 936
ტუვიდან გაწვეულთა ოჯახებს ცხვარს, კარტოფილსა და სხვა პროდუქტს ურიგებენ

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა ოჯახებს ცოცხალ ცხვარს ურიგებს, ქვანახშირთან, ფქვილთან და სხვა პროდუქტთან ერთად. აღნიშნულის შესახებ ცნობა ტუვის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

“ჯარისკაცების ნათესავებმა და მეგობრებმა, ასევე, თავადაც [ჯარისკაცებმა] უნდა იგრძნონ, რომ მარტო არ დარჩებიან ყოველდღიურ პრობლემებთან”, — აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც პროდუქტის დარიგების შესახებ აუწყებენ მოსახლეობას.

29 სექტემბერს გამოქვეყნებულ ტექსტში მოცემულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობა, რომლის თანახმადაც, წინა დღით 91 სული ცხვარი დაურიგეს გაწვეულთა ოჯახებს. წვრილფეხა საქონლის განაწილების პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მუნიციპალურ ცენტრებში ასევე მიაქვთ ფქვილი, კარტოფილი და კომბოსტო.

“მიმღებთათვის ჰუმანიტარული დახმარების შემდგომი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მუნიციპალური ხელისუფლების მიერ”, — აღნიშნავს უწყება.

განცხადების თანახმად, რამდენიმე რაიონში ასევე დაიწყო ქვანახშირის დარიგება, ერთ-ერთ რაიონში კი ადმინისტრაციამ შეშის გადაცემაც გადაწყვიტა გაწვეულთა ოჯახებისთვის.

რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადისლავ ხოვალიგმა მოსახლეობას უთხრა, რომ ეს არის  დახმარების პირველი ნაწილი და მოგვიანებით განიხილება სხვა გზებიც მობილიზებულთა ოჯახების მხარდასაჭერად.

“17 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 5 000 რუბლის ოდენობის ანაზღაურების მისაღებად მობილიზებულთა ოჯახებმა განაცხადი უნდა წარადგინონ სოციალური დაცვის ცენტრებში”, — ამბობს ტუვის ხელმძღვანელობა. 5 000 რუბლი, დაახლოებით 235 ლარია.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” წერს, რომ ტუვა ლიდერობს რუსეთის რეგიონებს შორის ყოველ 100 000 ადამიანზე დაფიქსირებული სიკვდილიანობის კუთხით მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.

გამოცემის სიტყვებით, ტუვა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონს, რომლის მრავალი მაცხოვრებელიც, სიღარიბის ფონზე, მიიჩნევს, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური გაჭირვებიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი მთავარი იმედია.

გასულ კვირას მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, წახიაგიინ ელბეგდორჯმა მიმართვა გაავრცელა და რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მოუწოდა, არ ესროლონ უკრაინელებს. მისი თქმით, ბურიატი, ტუველი და ყალმუხი მონღოლები გამოიყენეს, როგორც საზარბაზნე ხორცი.

“ვიცი, რომ ამ სისხლიანი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტად ის ეთნიკური უმცირესობები დაზარალდნენ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში.

ბურიატი მონღოლები, ტუვა მონღოლები და ყალმუხი მონღოლები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული.

ჩვენ, მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით”, – დასძინა ელბეგდორჯმა ვიდეომიმართვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. შედეგად, ქვეყნის დატოვება დაიწყეს მოქალაქეებმა, ძირითადად, კაცებმა, რომელთაც არ სურთ, ფრონტის ხაზზე გაიწვიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი