ახალი ამბები

„მის ყირიმი“ უკრაინული სიმღერისთვის დააჯარიმეს

4 ოქტომბერი, 2022 • 772
„მის ყირიმი“ უკრაინული სიმღერისთვის დააჯარიმეს

სილამაზის კონკურს „მის ყირიმი 2022-ის“ გამარჯვებული ოლგა ვალეევა რუსულმა სასამართლომ უკრაინული პატრიოტული სიმღერის შესრულების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს ანექსირებული ყირიმის ე.წ. შსს-ზე დაყრდნობით.

საუბარია სიმღერაზე „Ой у лузі червона калина“, რომელიც რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

ფაქტი, რომ ვალეევამ და მისმა მეგობარმა შეასრულეს სიმღერა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ „უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების ჰიმნად“ არის მიჩნეული, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია ასახული. ანექსირებული ყირიმის პოლიციამ სწორედ აღნიშნული ვიდეო „შეამოწმა“.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, „მედუზას“ თანახმად, ორივე ქალს ბრალად ედებოდა  რუსული არმიის „დისკრედიტაცია“ და ექსტრემისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელება.

საბოლოოდ, ოლგა ვალეევა 40 000 რუბლით დააჯარიმეს, მის მეგობარს კი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ყირიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეგრამის არხზე ორშაბათს ღამით გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ქალები ბოდიშს იხდიან სიმღერის შესრულებისთვის.

მანამდე, ვალეევა „ინსტაგრამზე“ წერდა, რომ სიმღერის შესრულებისას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და არც რაიმეს პოპულარიზება სურდა.

როგორც „მედუზა“ წერს, ყირიმის მცხოვრებლები აქამდეც იდევნებოდნენ უკრაინული სიმღერებისთვის. აგვისტოში 10 დღით დააპატიმრეს დიჯეი, რომელმაც სოფელ შჩელნიკოში მოქმედი ბარში გაუშვა უკრაინული სიმღერის „ДИКЕ ПОЛЕ“ ვიდეოკლიპი.

კლიპი შეიცავს უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკასა და არმიის მხარდამჭერ გამოსახულებებს, ასევე, „აზოვის“ პოლკის სიმბოლიკას. დიჯეი ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებაში დაადანაშაულეს, ბარის სტუმარი კი, რომელმაც სიმღერა შეუკვეთა, 50 000 რუბლით დააჯარიმეს რუსეთის არმიის “დისკრედიტაციისთვის”.

14 სექტემბერს ბახჩისარაიში ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებასა და არმიის “დისკრედიტაციაში” დაადანაშაულეს 6 ორგანიზატორი და სტუმარი ქორწილისა, სადაც „Ой у лузі червона калина“ იმღერეს. სადამსჯელო ღონისძიებებს შორის იყო 50 000- რუბლიანი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა 5-დან 15 დღემდე.

კიდევ ერთ შემთხვევაში, 15 სექტემბერს, ქალაქ ბელოგორსკის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც აუდიტორიის წინაშე თურქული წარმოების „ბაირაქტარებზე“ უკრაინელების მიერ შექმნილი სიმღერა ჩართო. ის 13 დღით დააპატიმრეს და ბრალად დასდეს როგორც ნაცისტური სიმბოლოების ჩვენება, ისე არმიის „დისკრედიტაცია“.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ყალბი მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინაში ის ნაცისტებს ებრძვის.

„Ой у лузі червона калина“ ძველი უკრაინული პატრიოტული სიმღერაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მომღერალმა, ანდრიი ხლივნიუკმა 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ, კიევის წმინდა სოფიას ტაძართან შეასრულა, შესაბამისი ვიდეო კი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შემდეგ სიმღერა მრავალგზის შეასრულეს სხვა უკრაინელმა ხელოვანებმა, მოგვიანებით კი ლეგენდარულმა როკ ბენდმა Pink Floyd-მა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა ჩაწერა ხლივნიუკის ვოკალის გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი