ახალი ამბები

ყირიმში “ამოწმებენ” ვიდეოს, რომელშიც “მის ყირიმი 2022” უკრაინულ სიმღერას ასრულებს

3 ოქტომბერი, 2022 • 854
ყირიმში “ამოწმებენ” ვიდეოს, რომელშიც “მის ყირიმი 2022” უკრაინულ სიმღერას ასრულებს

ყირიმის პოლიცია”ამოწმებს” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც სილამაზის კონკურს “მის ყირიმი 2022-ის” გამარჯვებული ოლგა ვალეევა უკრაინულ პატრიოტულ სიმღერას ასრულებს თავის მეგობართან ერთად. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS ავრცელებს.

საუბარია სიმღერაზე “Ой у лузі червона калина”, რომელიც რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

პროსამთავრობო TASS აღნიშნავს, რომ სიმღერა მიჩნეულია “უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების ჰიმნად, მათ შორის იმ [ჯგუფებისა], რომლებიც აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში”.

“ამჟამად პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინციდენტის ყველა გარემოების დადგენას.

პოლიციის მიერ შეგროვებული მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღება კანონის შესაბამისად”, – უთხრეს სააგენტოს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თავად ოლგა ვალეევა დასძენს, რომ სიმღერის შესრულებისას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და არც რაიმეს პოპულარიზება სურდა.

“არ ვიცოდი, რომ ეს სიმღერა რაღაცას უკავშირდებოდა და რაღაცნაირად აკრძალულია! ჩვენ ვმღეროდით ყოველგვარი მნიშვნელობისა და ქვემნიშვნელობის, სიმბოლოების გარეშე! ჩვენ უბრალოდ ვიმღერეთ უკრაინული სიმღერა (ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო უბრალოდ სიმღერა, რომელიც დიდი ხანია ვიცით)”, — დაწერა მან “ინსტაგრამზე”.

აღნიშნულის საპასუხოდ ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა ვიდეოს ქვეშ დაწერა, რომ “ყირიმში არავინ ისჯება ნორმალური უკრაინული სიმღერების გამო, მაგრამ არავინ დაუშვებს აქ ნაციონალისტური ჰიმნების სიმღერას!”

როგორც რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” წერს, ყირიმის მცხოვრებლები აქამდეც იდევნებოდნენ უკრაინული სიმღერებისთვის. აგვისტოში 10 დღით დააპატიმრეს დიჯეი, რომელმაც სოფელ შჩელნიკოში მოქმედი ბარში გაუშვა უკრაინული სიმღერის “ДИКЕ ПОЛЕ” ვიდეოკლიპი.

კლიპი შეიცავს უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკასა და არმიის მხარდამჭერ გამოსახულებებს, ასევე, “აზოვის” პოლკის სიმბოლიკას. დიჯეი ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებაში დაადანაშაულეს, ბარის სტუმარი კი, რომელმაც სიმღერა შეუკვეთა, 50 000 რუბლით დააჯარიმეს რუსეთის არმიის “დისკრედიტაციისთვის”.

14 სექტემბერს ბახჩისარაიში ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებასა და არმიის “დისკრედიტაციაში” დაადანაშაულეს 6 ორგანიზატორი და სტუმარი ქორწილისა, სადაც “Ой у лузі червона калина” იმღერეს. სადამსჯელო ღონისძიებებს შორის იყო 50 000- რუბლიანი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა 5-დან 15 დღემდე.

კიდევ ერთ შემთხვევაში, 15 სექტემბერს, ქალაქ ბელოგორსკის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც აუდიტორიის წინაშე თურქული წარმოების “ბაირაქტარებზე” უკრაინელების მიერ შექმნილი სიმღერა ჩართო. ის 13 დღით დააპატიმრეს და ბრალად დასდეს როგორც ნაცისტური სიმბოლოების ჩვენება, ისე არმიის “დისკრედიტაცია”.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ყალბი მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინაში ის ნაცისტებს ებრძვის.

“Ой у лузі червона калина” ძველი უკრაინული პატრიოტული სიმღერაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მომღერალმა, ანდრიი ხლივნიუკმა 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ, კიევის წმინდა სოფიას ტაძართან შეასრულა, შესაბამისი ვიდეო კი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შემდეგ სიმღერა მრავალგზის შეასრულეს სხვა უკრაინელმა ხელოვანებმა, მოგვიანებით კი ლეგენდარულმა როკ ბენდმა Pink Floyd-მა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა ჩაწერა ხლივნიუკის ვოკალის გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი