ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეა რუსულ რეფერენდუმებს აღიარებს – მედია

4 ოქტომბერი, 2022 • 690
ჩრდილოეთ კორეა რუსულ რეფერენდუმებს აღიარებს –  მედია

რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (Tass) ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული რუსული რეფერენდუმების ფხენიანის მიერ აღიარების შესახებ.

„ჩვენ პატივს ვცემთ ადგილობრივი მოსახლეობის ნებას, რომელთა სურვილიცაა რუსეთში ინტეგრაცია და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას, რომ აღნიშნული რეგიონები რუსეთის შემადგენლობაში მიიღონ“, – აცხადებს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დიპლომატის თანახმად, რეფერენდუმები გაეროს წესდების შესაბამისად, ხალხების თვითგამორკვევის უფლების გათვალისწინებით ჩატარდა.

უკრაინის ომის მიმდინარეობისას, დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვის შესახებ, თუმცა ქვეყნის ლიდერმა აღნიშნული ცნობები უარყო.

რუსეთი, ისევე როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეისთვის მოკავშირე სახელმწიფოდ განიხილება.

რუსეთმა უკრაინის ოთხ ოლქში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა, სადაც მოსახლეობამ „უპასუხა“ კითხვას, სურდათ თუ არა რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება.

რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა აღნიშნული ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღების გადაწყვეტილებას, თუმცა ამ დღიდან მალევე, უკრაინელებმა შეძლეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ლიმანისა და მიმდებარე სოფლების უკან დაბრუნება. ასევე დაიბრუნეს დასახლებები ხერსონისა და ლუგანსკის ოლქშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი