ახალი ამბები

ადვოკატების თქმით, სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში უცხოელ ექიმს არ უშვებენ

3 ოქტომბერი, 2022 • 755
ადვოკატების თქმით, სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში უცხოელ ექიმს არ უშვებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა ვივამედში არ უშვებენ უცხოელ ექიმს, ორთოპედსა და ქირურგს ჯეიმს კობის.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ კობი საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, თუმცა სამინისტრომ მას არ დართო პაციენტის ნახვის უფლება.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ომბუდსმენს მოუწოდა, რომ უცხოელი ექიმი სახალხო დამცველის ეგიდით შეიყვანონ კლინიკაში და სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მისცენ:

“სახალხო დამცველს მისი ეგიდით შეუძლია ეს ექსპერტი შეიყვანოს ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. ამიტომ კლინიკა “ვივამედიდან” მოვუწოდებ სახალხო დამცველს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ნომერ პირველ აღიარებულ ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და ბატონი კობი შეიყვანოს კლინიკა “ვივამედში”, რათა მან შეძლოს პაციენტის გასინჯვა”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, მასიმო დანჯელო კი “მთავარ არხთან” ინტერვიუში უმსგავსობას უწოდებს ჯეიმს კობისთვის მონახულების უფლების შეზღუდვას:

“ველოდებით, რომ ექიმი კობი ნებართვას მიიღებს. ის არის ნობელის პრემიის ლაურეატი, ამასთან, ადამიანის უფლებების საკითხებში საკმაოდ ცნობილი პიროვნება. საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჩამოსულიყო პაციენტის მოსანახულებლად. ჯანდაცვის მინისტრს უნდა რცხვენოდეს, რომ მას შემოსვლის ნებას არ აძლევენ. ექიმი კობისთვის პაციენტის მონახულებაზე უარის თქმა უმსგავსობაა [მთავარი არხის თარგმანი]”, – განაცხადა ადვოკატმა, რომელიც აშშ-დან საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, კობიმ არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რის გამოც საბჭომ სააკაშვილთან შესვლის უფლება არ დართო:

“იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც მისთვის აუცილებელი იყო, რომ წარმოედგინა საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი, და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა [მონახულების მოთხოვნა].

ასევე, აქვე დავაზუსტებ, რომ ძალიან ბევრი განაცხადი იყო, ოთხი თუ ხუთი, და აქედან ნაწილი დაკმაყოფილდა, რადგანაც წარმოდგენილი იყო ეს დოკუმენტაცია და საბჭომ ჩათვალა, რომ ლიცენზია უნდა გაეცა და ამ შემთხვევაში არ ჩათვალა”, – თქვა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი