ახალი ამბები

ალექსეი ნავალნი: ასე უნდა გამოიყურებოდეს პოსტპუტინური რუსეთი

3 ოქტომბერი, 2022 •
ალექსეი ნავალნი: ასე უნდა გამოიყურებოდეს პოსტპუტინური რუსეთი

ალექსეი ნავალნი პოსტპუტინური რუსეთის შესახებ საკუთარ ხედვას აქვეყნებს. პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის სტატია „ვაშინგტონ პოსტს“ ნავალნის გუნდმა მიაწოდა.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასასრულზე საუბრისას ნავალნი იზიარებს დასავლეთის ლიდერების პოზიციას, რომ „რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი“. თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკაა, სტრატეგია კი მიმართული უნდა იყოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთს ბუნებრივად, იძულების გარეშე არ სურდეს ომების დაწყება.

„ახლა აგრესიის იმპულსი საზოგადოების უმცირესობიდან მოდის“, — მიიჩნევს ნავალნი.

მისი აზრით, დასავლეთის ამჟამინდელი ტაქტიკის პრობლემა არა ფორმულირების ზოგად ბუნდოვანებაშია, არამედ იმაში, რომ იგნორირებას უკეთებს კითხვას: როგორ გამოიყურება რუსეთი ამ ტაქტიკის დეკლარირებული მიზნების მიღწევის შემდეგ?

„ისე ხომ არ გამოვა, რომ თუ ეს ტაქტიკა წარმატებას მიაღწევს, მსოფლიო მიიღებს კიდევ უფრო აგრესიულ რეჟიმს რუსეთის სახით, განაწყენებულს და იმპერიული იდეებით, რომლებიც ცუდად შეესაბამება რეალობას? სანქციების ზემოქმედებით, მაგრამ მაინც დიდი ეკონომიკით მუდმივი სამხედრო მობილიზაციის მდგომარეობაში? ბირთვული იარაღით — ნებისმიერი მასშტაბის საერთაშორისო პროვოკაციებისა და ავანტიურების დაუსჯელობის გარანტიით?

ადვილი მოსალოდნელია, რომ მტკივნეული სამხედრო დამარცხების შემთხვევაშიც კი, პუტინი მაინც გამოაცხადებს, რომ წააგო არა უკრაინასთან, არამედ „კოლექტიურ დასავლეთთან და ნატოსთან“. შემდეგ მის საყვარელ პოსტმოდერნულ გარემოში — ხატებიდან წითელ დროშებამდე და დოსტოევსკიდან ბალეტამდე სიმბოლოებით — დაიფიცებს, რომ შექმნის ისეთ ძლიერ არმიას და ისეთი უპრეცედენტო ძალის იარაღს, რომ დასავლეთი ინანებს. ამის შემდეგ იქნება ახალი ციკლი: რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომი და პროვოკაციები, რომლებიც გადაიქცევა რეალურ ომში“, — წერს ნავალნი.

ნავალნი ხსნის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს რუსეთის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, დასავლეთს უნდა ახსოვდეს:

  1. უკრაინისა და მისი შესაძლო წარმატებების მიმართ ეჭვი რუსეთში პოსტსაბჭოთა ძალაუფლების თანდაყოლილი თვისებაა. ეს დამახასიათებელი იყო პირველი პრეზიდენტის, ელცინისთვისაც, მაგრამ პუტინის მმართველობის დასაწყისიდან, განსაკუთრებით კი 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, უკრაინის ევროპული არჩევანის სიძულვილი, მისი წარუმატებელ სახელმწიფოდ გადაქცევის სურვილი იყო არა მხოლოდ მისი, არამედ პუტინის თაობის ყველა პოლიტიკოსის აკვიატება. უკრაინის კონტროლი არის იმპერიული შეხედულებების მქონე ყველა რუსის რწმენის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო — უკრაინის გარეშე რუსეთს არ აქვს მსოფლიო ბატონობის შანსი.
  2. შეხედულება ომზე, როგორც არა კატასტროფაზე, არამედ ყველაფრის მკურნალ წამალზე, არის არა მხოლოდ პუტინის ელიტის ფილოსოფია, არამედ ცხოვრებითა და ევოლუციით დადასტურებული პრაქტიკა. ჩეჩნეთის მეორე ომით დაწყებული, რომელმაც ნაკლებად ცნობილი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად აქცია, საქართველოში ომით, ყირიმის ანექსიით, დონბასისა და სირიის ომით, რუსულმა ელიტამ 22 წლის განმავლობაში ისწავლა, რომ ომი არცთუ ისე ძვირია, ის წყვეტს ნებისმიერ შიდაპოლიტიკურ პრობლემას, ამაღლებს რეიტინგს, განსაკუთრებით არ აზიანებს ეკონომიკას და, რაც მთავარია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მუდმივად ცვალებადი დასავლელი ლიდერებიდან მორიგი მაინც მოვა ჩვენთან მოსალაპარაკებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოტივები მიიყვანს მას — ამომრჩეველთა ნება თუ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების სურვილი — მაგრამ თუ სათანადო გამძლეობასა და მონდომებას გამოიჩენთ, დასავლეთი შეეგუება. არ დაგავიწყდეთ, რომ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში პოლიტიკაში ბევრია, ვინც დამარცხდა და დაკარგა პოზიციები ამა თუ იმ ომის მხარდაჭერის გამო. რუსეთში ასეთი ხალხი უბრალოდ არ არის: აქ ომი ყოველთვის სარგებელი და წარმატებაა.
  3. ამიტომ გულუბრყვილოა იმედები, რომ პუტინის შეცვლით მისი ელიტის სხვა წარმომადგენლით (მაგალითად, ყბადაღებული განხეთქილების შედეგად) ეს შეხედულება შეიცვლება ზოგადად ომის და, მით უმეტეს, „სსრკ-ის მემკვიდრეობისთვის“ ომის შესახებ. აქ საუკეთესო მაგალითი იქნებოდა დიმიტრი მედვედევი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც დასავლეთი იმედებს ამყარებდა, ტვიტერის შტაბ-ბინაში დაჰყავდათ, ახლა კი ისეთ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რომ პუტინის კარიკატურას ჰგავს.
  4. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ უკრაინისადმი აკვიატება და სისხლის წყურვილი სულაც არ არის ასე გავრცელებული ძალაუფლების ელიტის მიღმა, რაც არ უნდა იტყუებოდნენ ხელისუფლების მომხრე სოციოლოგები. ომი ამაღლებს პუტინის რეიტინგს საზოგადოების იმპერიულად მოაზროვნე ნაწილის გადაჭარბებული მობილიზაციის გამო.

ალექსეი ნავალნი მიიჩნევს, რომ  ომი უკრაინასთან დაიწყო და აწარმოებს პუტინი თავისი შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრისთვის, მაგრამ ომის ნამდვილი მხარე არის მთელი ელიტა და თავად ძალაუფლების სისტემა, რომელიც ახორციელებს იმპერიული ტიპის რუსული ავტორიტარიზმის დაუსრულებელ თვითწარმოქმნას. ნავალნის ხედვით, რუსეთის ერთადერთი გზა, რათა თავიდან აიცილოს „იმპერიული ავტორიტარიზმის გაუთავებელი ციკლი“, არის საპარლამენტო დემოკრატია.

ნავალნის მოჰყავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაგალითი, ამბობს რა, რომ ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი (ბალტიისპირეთის ქვეყნები), ვითარდებიან და წარმატებით გახდნენ ევროპის ნაწილი; საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელის სახელმწიფოები (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) გაუთავებლად ებრძვიან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობებს და ერთ ადგილას დგანან; ხოლო ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ „ძლიერი საპრეზიდენტო ძალაუფლების“ გზას (რუსეთი, ბელარუსი და ცენტრალური აზიის „სტანები“), გამონაკლისის გარეშე, ჩაცვივდნენ ხისტ ავტორიტარიზმში და უმეტესწილად, ერთვებიან სამხედრო კონფლიქტებში.

„რუსეთის მომავალი მოდელი არ არის „ძლიერი ძალა“ და „მტკიცე ხელი“, არამედ ჰარმონია, შეთანხმება და მთელი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება. რუსეთს სჭირდება საპარლამენტო რესპუბლიკა“, — მიიჩნევს ნავალნი.

ამავდროულად, ნავალნი აცნობიერებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაც კი არ იძლევა 100%-იან გარანტიას და მაგალითად მოჰყავს საპარლამენტო ინდოეთის ავტორიტარიზმზე გადასვლის შესაძლებლობა, ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ საპარლამენტო თურქეთის საპრეზიდენტოდ გადაკეთება და უნგრეთი, როგორც პუტინის ევროპული ფანკლუბის ბირთვი.

„საპარლამენტო რესპუბლიკის ცნება ძალიან ფართოა. თუმცა ამ მკურნალობის გადამწყვეტ უპირატესობებს მე ვხედავ: ერთი ადამიანის ხელში ძალაუფლების რადიკალურ შემცირებაში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მთავრობის ფორმირებაში, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების მნიშვნელოვან ზრდაში. ასეთი ინსტიტუტები რუსეთში არასდროს არსებობდა და ჩვენ ძალიან გვჭირდება ისინი.

რაც შეეხება პუტინის პარტიის მიერ პარლამენტის შესაძლო ტოტალურ კონტროლს, პასუხი მარტივია: როგორც კი რეალურ ოპოზიციას მიეცემა ხმის მიცემის შანსი, ეს შეუძლებელი იქნება. დიდი ფრაქცია? — დიახ. კოალიციური უმრავლესობა? — შესაძლოა. სრული კონტროლი? — ნამდვილად არა. რუსეთში ახლა ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ნორმალური ცხოვრება და არა ტერიტორიული მიღწევების ფანტომი. და ყოველწლიურად უფრო მეტი ასეთი ადამიანია. მათ ახლა უბრალოდ არავინ ჰყავთ, რომ ხმა მისცენ“, — წერს ნავალნი.

ალექსეი ნავალნის თქმით, დასავლეთმა მკაფიოდ უნდა წარმოაჩინოს თავისი სტრატეგიული ხედვა რუსეთის, როგორც საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ და არ გაიმეოროს დასავლეთის ცინიკური მიდგომის შეცდომა 1990-იან წლებში, როდესაც პოსტსაბჭოთა ელიტას ფაქტობრივად უთხრეს: „რაც გინდათ, ის გააკეთეთ, უბრალოდ მიხედეთ თქვენს ბირთვულ იარაღს და მოგვაწოდეთ ნავთობი და გაზი“.

ალექსეი ნავალნის განცხადებით, ახლაც ისმის მსგავსი ცინიკური პოზიციები, რომ დაე, რუსეთმა უბრალოდ უკან დახიოს ჯარები და დასავლეთის მისია შესრულებული იქნება. ასეთი „შესრულებული მისიის“ შედეგია, ნავალნის თქმით, ყირიმის ანექსია 2014 წელს და სრულფასოვანი ომი ევროპაში 2022 წელს.

„რუსი ხალხი, რა თქმა უნდა, თავისუფალია, თავად აირჩიოს განვითარების გზა. მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ აირჩიონ რუსეთთან ურთიერთობის ფორმატი — გააუქმონ თუ არ გააუქმონ სანქციები და განსაზღვრონ ასეთი გადაწყვეტილებების კრიტერიუმები. რუს ხალხს და რუსულ ელიტას არ სჭირდება იძულება. მათ სჭირდებათ მკაფიო სიგნალი და ახსნა, თუ რატომ არის უკეთესი ასეთი არჩევანი.

რაც მთავარია, საპარლამენტო დემოკრატია ასევე რაციონალური და სასურველი არჩევანია პუტინის გარშემო არსებული მრავალი პოლიტიკური ფრაქციისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ გავლენა და იბრძოლონ ძალაუფლებისთვის, იმავდროულად, უზრუნველყონ, რომ ისინი არ განადგურდნენ უფრო აგრესიული ჯგუფის მიერ“, — აცხადებს ნავალნი.

ნავალნი ამბობს, რომ აფასებს ევროპელი ლიდერების მიერ უკრაინის მხარდაჭერის მუდმივ წარმატებებს, მაგრამ მოუწოდებს მათ, არ დაივიწყონ ომის ფუნდამენტური მიზეზები, რადგან ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხე არის აგრესიული იმპერიული ავტორიტარიზმი.

„ომისშემდგომი რუსეთი, ისევე, როგორც პოსტპუტინური რუსეთი, განწირული იქნება კვლავ გახდეს მეომარი და პუტინისტური. ეს გარდაუვალია, სანამ შენარჩუნდება ქვეყნის განვითარების დღევანდელი ფორმა“, — ამბობს ნავალნი და დასძენ, რომ ამის თავიდან აცილება მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკას შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი